ქართული კომპანიები – Gulfood 2021 გამოფენაში იღებენ მონაწილეობას

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის 21-25 თებერვალს, ქართული კომპანიები – Gulfood 2021 გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. “პანდემიის მიუხედავად, შევძელით 14 კომპანიის საერთაშორისო ღონისძიებაზე წარდგენა” – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. მისი თქმით, 2020 წელს ექსპორტის მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, ჩატარდა ძალიან ბევრი ონლაინ გამოფენა და შოურუმი, რომელშიც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ. თუმცა პანდემიით გამოწვეული ერთ წლიანი პაუზის შემდეგ გამოფენა – Gulfood 2021 არის პირველი საერთაშორისო ფიზიკური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იღებს მონაწილეობას. ასევე აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური დახმარებით შემუშავდა ქართული აგროსასურსათო ვიზუალური იდენტიფიკაცია – ლოგო, რომელიც პირველად არის წარმოდგენილი აღნიშნულ გამოფენაზე. გამოფენა ტრადიციულად ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა. “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 14 ქართული კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები