სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მოქალაქე წაბლის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ასევე, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა მოქალაქე 19 ერთეული წაბლის სახეობისა და 2 ერთეული ცაცხვის სახეობის მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანები და მათზე განთავსებული 58 ერთეული მორი დალუქეს. ვინაიდან ზემოაღნიშნული ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.