„პავილიონისი არცხვენს ლიეტუვას, როგორც სახელმწიფოს“ – გოგა ხაინდრავა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ლიეტუვის ელჩს, ანდრიუს კალინდრას დებატებში იწვევს.
ამის შესახებ ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს რომ ეს არ მომხდარიყო, მე აქ მოვდიოდი იმისათვის, რომ საჯაროდ გამომეწვია დებატებში საქართველოში ლიეტუვის ელჩი. ის, რაც აქ მისმა თანამემამულემ იკადრა, ვგულისხმობ პავილიონისს, ეს არის სამარცხვინო. ის, პირველ ყოვლისა, არცხვენს ლიეტუვას, როგორც სახელმწიფოს, რადგან ამის უფლება არავინ არ უნდა მისცეს თავის თავს, მით უმეტეს, სტუმრად ჩამოსულმა. ძალიან მაინტერესებს და ლიეტუვის ელჩს ოფიციალურად ვთხოვ, რომ განგვიმარტოს, რას ნიშნავს ლიეტუვის გზა, რომელზეც მიგვითითა ბატონმა პავილიონისმა, რომ ამ გზით უნდა ვიაროთ. ბელორუსიის გზა რა არის, ვიცით, ბელორუსიის გზა 2003 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოში, სადამდე მიგვიყვანა, ყველამ კარგად ვიცით. ლიეტუვის გზა რას ნიშნავს, იქნებ, ამიხსნას? ვერ გავიგე ბატონი პავილიონისის ხედვა, რამდენად არის ეს ლიეტუვის გზა და იქნებ, ელჩმა ამიხსნას. უკანონობის გზა, პოლიტიკური ანგაჟირების გზა, პოლიტიკური კორუფციის გზა, საქართველოს გზა არ არის და საქართველო ამ გზით არ წავა, ამის იმედი ნუ ექნება ნურავის“, – განაცხადა ხაინდრავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ლიეტუვას სეიმის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს.
“როგორც ჩანს, მართალი ვიყავი იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთებმა ლიეტუვასა და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან საქართველოში გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ ვცდილობდი, შემეჩერებინა ის, რაც ახლა ხდება.
,,ნაციონალური მოძრაობის,, სათავო ოფისი შტურმით აიღეს გაზით, როგორც ამას პუტინი აკეთებს. ოპოზიციის ლიდერი დაკავებულია იმის მიუხედავად, რომ მთლიანი ოპოზიცია აცხადებს, ისინი მზად არიან დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის ხელისუფლებასთან. თუმცა, ივანიშვილის შემსრულებლები მოქმედებდნენ, როგორ პუტინი ან ლუკაშენკო. ჩვენ გვჭირდება, ავიმაღლოთ ხმა და დავარეგულიროთ ეს ყოველივე. გუშინ მე ვესაუბრე მთელს მსოფლიოს, დღეს კი მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს”, – აცხადებს პავილიონისი.