ალეკო ელისაშვილი: მელიას დაკავებამ დაამძიმა სურათი, ქვეყანას ამოსუნთქვა და დამშვიდება სჭირდება

“ქართულ ოცნებაში“ უნდა გაითავისონ, რომ უკვე მეცხრე წელია, ხელისუფლებაში არიან. კუნთებს ნუ ათამაშებენ, დაუძახონ ოპოზიციას, დასხდნენ და დაილაპარაკონ”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ ქვეყანაში არსებული ვითარება დაამძიმა.

„დღეს რაც ვნახეთ, იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, ესკალაცია, ძალიან სამწუხარო სურათი. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, ფეხი წაგვიცდა და ერთი ფეხით გადავიწიეთ უფსკრულისკენ, სანამ გადაჩეხილა მთელი ქვეყანა უფსკრულში, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ გაჯიქება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ყველა უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. „ქართულ ოცნებაში“ უნდა გაითავისონ, რომ ისინი უკვე მეცხრე წელია, ხელისუფლებაში არიან და კუნთებს ნუ ათამაშებენ, დაუძახონ ოპოზიციას და დაილაპარაკონ. თავი დაანებონ წინაპირობებით ლაპარაკს, დასხდნენ და დაილაპარაკონ. რა თქმა უნდა, დღევანდელმა სპეცოპერაციამ და მელიას დაკავებამ დაამძიმა სურათი. ქვეყანას ამოსუნთქვა და დამშვიდება სჭირდება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები