მამუკა მდინარაძე: შევეცდებით, საერთაშორისო პარტნიორები დავარწმუნოთ სიმართლეში – ნიკა მელიამ თავად თქვა კანონის შესრულებაზე უარი
შევეცდებით, საერთაშორისო პარტნიორები დავარწმუნოთ სიმართლეში, რომ ნიკა მელიამ თავად თქვა კანონის შესრულებაზე უარი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მცდელობის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფეხის დადებას მიჩვეულები არიან.
,,სწორედ ეს არის მიზანი, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მცდელობის დროს, ლეგიტიმური და ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, მცდელობის დროს ჩვენ გვქონდეს შეფერხებები. საბოლოოდ ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ ფეხის დადებას მიჩვეულები არიან. 2008 წლიდან მოყოლებული, თავისივე მმართველობის დროს განსაკუთრებით და შემდეგ პერიოდშიც, ამას აკეთებენ.
ნიკა მელიას რომ არ ჰქონოდა განზრახვა, რომ სახელმწიფო ამ მდგომარეობაში ჩაეყენებინა, უბრალოდ კანონს დაქვემდებარებოდა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან არ გასულიყო, ეს განცხადებაც ხომ არ იქნებოდა. ეს არის ძალიან კრიტიკული განცხადება, მაგრამ დეტალურად ჩვენ შევეცდებით ჩვენი საერთაშორისო ყველა პარტნიორი დავარწმუნოთ სიმართლეში. აქ არის სიმართლე, რომ ადამიანმა თავად თქვა კანონის შესრულებაზე უარი. ეს არის ყველაზე მთავარი და კანონის აღსრულების და ამის პოზიტიურად გადაწყვეტის გზა არ შეიძლება იყოს დამაზიანებელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
,,დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.