ნიკოლოზ მეტრეველი: ოპოზიციას მასობრივი მღელვარების ასაგორებლად უნიათო მცდელობები ექნება
,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების ფაქტზე ,,კვირასთან“ კომენტარი გააკეთა ექსპერტმა, ნიკოლოზ მეტრეველმა:
-2012 წელს, საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და ბინძური რეჟიმის დასრულების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში კანონი ყველასათვის თანაბარია.
საქართველოში, ისევე როგორც ჩვენი ყველა სტრატეგიულ მოკავშირისა და პარტნიორ სახელმწიფოში, კანონდარღვევაზე კანონით გათვალისწნებული რეაგირება ხდება. მმართველი თუ ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, გნებავთ ტელკომპანიების მფლობელობა და ფინანსირება, ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონის ძარცვაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევებსა და სხვა უმძიმეს დანაშაულებეზე ნებართვას არ გულისხმობს. ასეა ეს საქართველოშიც, ამერიკაშიც და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც.
რაც შეეხება ბატონ ნიკა მელიას დაკავებას, მასაც და მის ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ, დარწმუნებულები იყვნენ, მას სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე შეეძლება – წარდგეს. ნიკა მელიას შეეძლო, გადაეხადა გირაოს თანხა, ეს მას საშუალებას მისცემდა, საკუთარი ოფისიდან და სახლიდან მომზადებულიყო სასამართლოსთვის, სამწუხაროდ, მან დაძაბულობის შექმნის გზა აირჩია.
ნიკა მელიასა და მის უცხოელ გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ სააკაშვილის, ბურჯანაძის, ქარდავას, ახალაიების, ბოკერია, მერაბიშვილ – ბარამიძის „სამართალი“ და დაკავების „მეთოდები“. დღეს სხვა საქართველოა! სააკაშვილის ბინძური რეჟიმის, მით უმეტეს, ძალადობრივი გზით მობრუნებას არც სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი აღარასოდეს დაუშვებს.
-რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, რომელიც, ოპოზიციის თქმით, დღეს დაიწყება და პერმანენტულად გაგრძელდება?
-ოპოზიციას ექნება უნიათო მცდელობები მასობრივი მღელვარების ასაგორებლად. ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 40 პარტიაა, რომელთა უკან არც ამომრჩეველი და არც ,,ხელისუფლების უკანონო ქმედებებით აღშფოთებული“ ამომრჩეველი არ დგას. ესაა და ეს მათი პარტიული აქტივი, რომელსაც სერიოზულად არავინ აღიქვამს.
ია დანელია