რიმა ბერაძე – ღარიბაშვილს: 2012 წლიდან ხართ ჩვენი უცვლელი ლიდერი, რომელიც დღემდე დარჩა იმ იდეალების ერთგული, რაც ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად შექმნა
“2012 წლიდან ხართ ჩვენი უცვლელი ლიდერი, რომელიც დღემდე დარჩა იმ იდეალების ერთგული, რაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად შექმნა”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, რიმა ბერაძემ პარლამენტში განაცხადა და პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვებით მიმართა.
რიმა ბერაძე დაინტერესდა, თუ რა შეიძლება, იყოს ის დამატებითი ინიციატივები, რაც მოსახლეობას პანდემიისგან გამოწვეულ სოციალურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
,,მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, მივესალმები მინისტრობის კანდიდატებს. ბატონო ირაკლი, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ დავადასტურო და გამოვხატო ჩემი თქვენდამი პატივისცემა და მხარდაჭერა, რომელიც თქვენი, როგორც წარმატებული მმართველისა და უბრალოდ კარგი პიროვნების მიმართ გამაჩნია.
ნდობისა და მხარდაჭერის საფუძველს მაძლევს თქვენი სამართლიანად პრინციპული ხასიათი და ის გამოცდილება, რომელიც სამთავრობო გუნდში ყოფნის დროს დააგროვეთ.
ყველას გვახსოვს, თქვენი პრემიერობის დროს, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების გზაზე და მჯერა, რომ სწორედ თქვენ გახდებით ის ლიდერი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ბოლო დროს, თქვენ მიერ, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული წარმატებული საქმეების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია. თქვენ შეძელით მთავარი და დღეს ქართულ ჯარში მსახურება მეტად პრესტიჟული და პოპულარულია, ვიდრე ეს რამდენიმე წლის უკან იყო, იქაური სამუშაო პირობები კი – გაცილებით უკეთესი.
თქვენ გაქვთ „ქართული ოცნების” ამომრჩეველთა დიდი მხარდაჭერა. განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, რომელიც პარტიას 2012 წლიდან უჭერს მხარს. თქვენი დაბრუნება მათთვის განსაკუთრებული სიხარულის მომტანი იყო.
თქვენ 2012 წლიდან ხართ ჩვენი უცვლელი ლიდერი, რომელიც დღემდე დარჩა იმ იდეალების ერთგული, რაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, შექმნა.
1. არახალია თუ ვიტყვი, რომ კორონა ვირუსითგამოწვეულმა მსოფლიო პანდემიამ საგრძნობლად დააზარალა როგორც ქვეყნის ეკონომიკური, ასევე სოციალური მხარე.
ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ის დამატებითი ინიციატივები, რაც ჩვენს მოსახლეობას პანდემიისგან გამოწვეულ სოციალურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს? რა ტიპის შეღავათების და დამატებითი რესურსები გვაქვს?
2. ბატონო ირაკლი, პრივატიზების შედეგად, მხოლოდ 2020 წელს ჩვენ 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით. მიმდინარე წელს, იმ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაშია, ჩვენი პროგნოზით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საგრძნობლად დაიკლებს. პანდემიის თავისებურებებიდან გამომდინარე, ასევე იკლებს ეკონომიკური აქტივობაც.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გეგმავთ თუ არა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო ქონების გასხვისებასა და ბიუჯეტში ამ გზით თანხების მობილიზებას?
3. რა პოზიცია გაქვთ ქვეყანაში საბინაო ფონდის შექმნისა და უსახლკაროთათვის ბინების მშენებლობისა და გადაცემის თაობაზე? საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლაც რთულ ვითარებაში იმყოფებიან და სამართლიანად აქვთ მინიჭებული უსახლკაროთა სტატუსი.
ქვეყნის ბიუჯეტის 1/3 სოციალური მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი. ქვეყანაში ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. მაგრამ ამ კონკრეტული მიმართულებით მაინტერესებს, ამ ეტაპისთვის რა რესურსები გაგვაჩნია ამ მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯების გადასადგმელად. ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში უსახლკარო სტატუსის მქონე ადამიანების ბინებით უზრუნველყოფას?”, – მიმართა რიმა ბერაძემ ირაკლი ღარიბაშვილს.