რომან გოცირიძე: გიორგი გახარიამ გაასწრო იმ მძიმე ხვედრს, რომელსაც ეს მთავრობა ვერ აიცილებს

“გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ხელისუფლების სახე მთლიანად გაშიშვლდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, აგრესიული განცხადებები “ქართულ ოცნებას” ძალიან მძიმედ დაუჯდება.

„100 დღე კონსტიტუციის აღდგენისთვის, 100 დღე ოპოზიციის მოსათოკად, ეს არის აგრესიული განცხადებები, რომელიც ძალიან მძიმედ დაუჯდება „ქართულ ოცნებასა“ და მის ახალ პრემიერმინისტრს. სჯობს, შეცვალონ რიტორიკა და დაიწყონ მოლაპარაკება ოპოზიციასთან.

გახარიას გადადგომის შემდეგ მთლიანად გაშიშვლდა ხელისუფლების სახე. გახარიამ გაასწრო იმ მძიმე ხვედრს, რომელსაც ეს მთავრობა ვერ აიცილებს, თუ ასე გაგრძელდა პროცესები. პრემიერმინისტრის გაქცევა ხელისუფლებიდან  ისეთი დარტყმა იყო, რომ მათ შოკიდან გამოსასვლელად სჭირდებათ მსგავსი შემაგულიანებელი განცხადებები. ვერავის ვერ დააკავებენ, აგერ ვართ, მოვიდნენ და დავხვდებით კარებში. წინააღმდეგობა არის როგორც საგარეო, ისე საშინაო“, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები