დავით ქართველიშვილი: ღარიბაშვილის მენეჯერულ შესაძლებლობებს რეალურად აფასებს ოპოზიცია, ამიტომ, მათი რევოლუციური გეგმები ჩაიფუშა
პრემიერმინისტრის ახალ კანდიდატურაზე, მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდთან დაკავშირებით ოპოზიციის მოლოდინებზე, დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, დავით ქართველიშვილს ესაუბრა:
-პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა ოპოზიციამ საკუთარ გამარჯვებად აღიქვა და გაუჩნდა მოლოდინი იმისა, რომ შესაძლებელი იყო ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
-მათი მოლოდინი სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა და პრემიერმინისტრის კანდიდატად ღარიბაშვილის დასახელებით დასრულდა. ღარიბაშვილის კანდიდატურა ოპოზიციისთვის ყველაზე მოულოდნელი უსიამოვნება იყო, რის წარმოდგენასაც ისინი შეძლებდნენ. ოპოზიცია, რომლის რეიტინგი ბოლოდროინდელმა მოვლენებმა 5%-მდე დასწია, საკუთარ მომხრეებს აგულიანებდა, რომ ხელისუფლებამ გამოიჩინა სისუსტე და, სწორედ მათი დიდი ძალისხმევით, ქვეყნის პირველი პირი გადადგა. ის იყო, ოპოზიცია დიდ დემონსტრაციებს აანონსებდა: დღეიდან ნახეთ ჩვენი გამარჯვებაო, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ პრინციპული და ენერგიული ღარიბაშვილი კვლავ პრემიერმინისტრის სავარძელზე დააბრუნა. ოპოზიციის რიგებში ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ პრემიერმინისტრის სავარძელს მეორედ დაიკავებდა ერთხელ უკვე გადამდგარი კანდიდატი. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ბევრი დაუჯერებელი პრეცედენტებიც ხდება, მაგალითად ის, რომ ,,ქართული ოცნება“ მესამეჯერ იმარჯვებს არჩევნებში.
-ოპოზიცია აცხადებს, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებათა პროცესში ძალზე ხისტი იქნება და, ფაქტობრივად, ოპოზიცია-პოზიციას შორის ფასილიტეტარების ძალისხმევით დაანონსებული მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდი ჩაიშლება.
-ოპოზიციისთვის ღარიბაშილი იმდენად უხერხული პიროვნებაა ქვეყნის პრემიერის პოსტზე, რომ მზადაა, მას ნებისმიერი რამ დააბრალოს. პრემიერმინისტრად ყოფნის 2 წლის განმავლობაში ღარიბაშვილმა, რეალურად და არა ფასადურად, მოახერხა სახალხო პრემიერის სახელის დამკვიდრება და ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა რეგიონებში. საბიუჯეტო სახსრები ისე გაანაწილა, რომ ფინანსები თითოეული სოფლისა და რაიონის რეალურ ინტერესებს მოარგო. დადიოდა სოფელ-სოფელ და ინტერესდებოდა, რა საჭიროება ჰქონდა თითოეულ მათგანს. ასფალტის საფარი 3-ჯერ კი არ გადააგო, მოსახლეობის საჭიროებისამებრ ზოგან ხიდი, ზოგან ამბულატორია, ზოგან სარწყავი არხი გაიყვანა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და რეაბილიტაციას. მიხეილ სააკაშვილის დროს ჩარეცხილი მეცნიერები გვერდით დაიყენა და 2011-2012 წლებთან შედარებით ყურძნის მოსავლის რაოდენობის ორჯერ და სამჯერ გაზრდა მოახერხა. რაც შეეხება მოსავლის ჩაბარებას, რომელიც, რატომღაც, იქამდეც და მას შემდეგაც დიდი პრობლემა იყო გლეხებისთვის, ლამის სახალხო ზეიმად აქცია როგორც ყურძნის მომყვანისთვის, ისე – ჩამბარებლისთვის. პრემიერმინისტრობის დროს ღარიბაშილს ჰქონდა 20-ზე მეტი ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში, დაწყებული ჩინეთიდან, დამთავრებული ამერიკის შეერთებული შტატებით. ყველა ამ ქვეყანამ, სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ, ხელახლა აღმოაჩინა საქართველო. დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილმა ერთგვარად ნამუსზეც კი შეაგდო, რომ მათი ირიბი თანამონაწილეობით ყოფილმა ხელისუფლებამ განახორციელა ის სისხლიანი რეპრესიები საქართველოში, რომელმაც 9 წლის მანძლზე უამრავი უბედურება მოუტანა ქვეყანას. ღარიბაშვილმა დასავლეთს სულ სხვა, დიდი შესაძლებლობების საქართველო წარუდგინა, ამიტომაც მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას სწორედ ,,ქართული ოცნებისა“ და არა სააკაშვილის მმართველობის დროს და მეგობარი ქვეყნების თვალში საქართველოს რეპუტაციული დონე ძალიან სწრაფად აღდგა.
-ღარიბაშვილის მომავალი პრემიერმინისტრობისასაც იმავე პოლიტიკური კურსის გაგრძელებას უნდა ველოდეთ?
-ღარიბაშვილის კურსი დაეტყობა ქვეყნის როგორც საშინაო, ისე – საგარეო პროცესებს. აქამდე ის თავდაცვის მინისტრი იყო. ჰკითხეთ ნებისმიერ ოფიცერსა და სამხედრო პირს, რა რეფორმები გაატარა ჯარში, რითაც ყველა ჯარისკაცის გული მოიგო. ღარიბაშვილის მენეჯერულ შესაძლებლობებს რეალურად აფასებს ოპოზიციაც, ამიტომ, მათი გეგმა ქვეყანაში პროცესების რევოლუციური განვითარებისა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
-ოპოზიცია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებდა.
-მათ იმედი ჰქონდათ, რომ გაზაფხულზე, პანდემიის ფონზე ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პროცესები განვითარდებოდა, ამას დაემატებოდა სახალხო გამოსვლები და პროცესებიც ოპოზიციური სცენარით განვითარდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. ოპოზიციის რეიტინგი, ფაქტობრივად, განადგურდა. დღეის მდგომარეობით, არათუ ფართომასშტაბიან აქციებზე ხალხს შეკრებენ, 100 აქტივისტის მობილიზებაც გაუჭირდებათ.
-ღარიბაშვილის ფაქტორი პოლიტიკური დიალოგის ფონს დაამძიმებს მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდის წინ?
-პრემიერმინისტრი არც მეგობარი ქვეყნების ელჩების ფასილიტაციას შეუშლის ხელს და არც – მოლაპარაკებათა პროცესს. ოპონენტები აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი არაფერს დათმობს, რის გამოც მოლაპარაკებებს აზრი აღრ ექნება. საინტერესოა, რა უნდა დათმოს ღარიბაშვილმა? იქნებ, ოპოზიციას ჩამოეწერა და საზოგადოებასაც გაეგო, რისი მიღების იმედი აქვს და რა სურთ, დაათმობინონ ღარიბაშვილს?
-მაგალითად, ხელახალი არჩევნები გაზაფხულზე ან თუნდაც შემოდგომაზე.
-,,ქართული ოცნების“ რეიტინგი იმდენად მზარდია, ხოლო ოპოზიციისა იმდენად დაღმავალი, ხელახალი არჩევნები თავად ოპოზიციას აღარ უნდა აწყობდეს, რომ ბოლომდე არ ,,ჩაირეცხონ“ და ქვეყანა საერთოდ ოპოზიციის გარეშე არ დარჩეს. გარდა ამისა, საინტერესოა დემოკრატიული ქვეყნების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრი, ისინი ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით ისევ იმ აზრის არიან, რომ პროცესები დემოკრატიულად და სამართლებრივად ჩატარდა საქართველოში თუ აზრი შეიცვალეს? ხელახალი არჩევნებისთვის უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც არ არსებობს, ამიტომ, ეს თემა უნდა დაიხუროს. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე უფრო ,,ქართულ ოცნებას“ უნდა აწყობდეს ხელახალი არჩევნები საკუთრი გაზრდილი რეიტინგის ფონზე, თუმცა, არ შეიძლება, ქვეყანას ისე დაუკარგო სახე, რომ მასში ოპოზიცია სრულიად უსუსური დარჩეს. ოპოზიციას თუ რეალურად სახის შენარჩუნება უნდა, რამენაირად მოწყდნენ კიეველ ბელადს და საკუთარი ჭუით დაიწყონ ფიქრი, თორემ, კინოფილმ ,,ქვევრის“ არ იყოს, ჭურის არც გატეხვა გინდოდეს და არც გარეცხვა, ეგრე არ გამოდვა…
-ნიკა მელისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებამ უკიდურესად დაძაბა პოლიტიკური პროცესები საქართველოში.
–დასავლელი პარტნიორები და ქართველი ექსპერტებიც ფიქრობენ ასე: თუ პოზიციასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები გრძელდება, რა საჭიროა შუა მოლაპარაკებათა პროცესში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის საკანში გამოკეტვა? ხომ შეიძლებოდა, ყოფილი პრემიერმინისტრის, გახარიას მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას ეთქვა, რომ ბრალს არ უხსნიდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, და მხოლოდ გირაოს შეტანის ვადას უხანგრძლივებდა, ფასილიტატორთა მონაწილეობით პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებამდე და ეს გადაწყვეტილება მემკვიდრეობად არ გადმოჰყოლოდა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს? მით უფრო, რომ ნიკა მელიას საქმე ჯერ კიდევ განუხილველია სასამართლოში. არ ვარ იურისტი და არ ვიცი იურიდიულად როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, გამოსავალი აუცილებლად მოინახება, მელიას ადვოკატებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და იქ მაინც მოინახება სამართლებრივი გამოსავალი.
ია დანელია