დიმიტრი ხუნდაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტული შესაძლებლობები და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს. „საქმიანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ გლობალურ გამოწვევებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება კოვიდ ინფექციასა და მასთან ბრძოლის გზაზე ვაქცინაციის პროცესის სწორად მართვის საკითხებს დაეთმო. მნიშვნელოვანია, რომ იაპონიამ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კოვაქსპლატფორმაზე, საიდანაც ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომაც უნდა მიიღოს დახმარება. იაპონიას ასევე აქვს დახმარების პროგრამის მეორე ხაზი, რომელიც სამედიცინო აღჭურვით დახმარებას ითვალისწინებს და ამ მიმართულებით რეგიონებში უკვე განახორციელეს კიდეც გარკვეული აქტივობები. ჩვენი თხოვნის საფუძველზე, ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა, სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარონ ახალგორის მიმდებარე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ქსოვრისის ამბულატორიის შენობას, რომლის მშენებლობა მუნიციპალიტეტმა უკვე დაასრულა. ბუნებრივია, საუბარი პოლიტიკურ საკითხებსა და ქვეყანაში პოლარიზაციის განმუხტვის მიზნით საერთაშორისო მხარდაჭერას, მხარეთა დაახლოების მიზნით მათ მიერ ფასილიტატორის ფუნქციის შესრულებას შეეხო. დიპლომატები რეალურად აფასებენ შექმნილ ვითარებას და აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მან გამოთქვა იმედი, რომ პოზიცია და ოპოზიცია შეძლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებასა და, ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე,  საერთო კომპრომისის მოძებნას”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები