აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 498 897 ადამიანი ემსხვერპლა.
შესაბამის სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი აქვეყნებს.
აშშ-ის პრეზიდენტის სამედიცინო საკითხებზე მთავარმა მრჩეველმა, ენტონი ფაუჩიმ ციფრებს “საშინელი”უწოდა.
“ნამდვილად საშინელებაა. რაღაც ისტორიული. უკანასკნელი 102 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი გვინახავს, “ესპანკას” ეპიდემიის შემდეგ”, – თქვა მან.
პანდემიის დაწყების დროს ფაუჩი აკეთებდა პროგნოზს, რომ ვირუსს ქვეყანაში 100 ათასი ადამიანი შეეწირებოდა. აშშ-ის მოსახლეობა 328 მილიონ ადამიანს შეადგენს.
ამასთანავე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მოსახლეობის 5,47% გაუკეთდა.
ენტონი ფაუჩის თქმით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ანომალიურმა ყინვებმა ვაქცინაციის შეფერხება გამოიწვია, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ უკვე მიმდინარე კვირის ბოლოსკენ ჩამორჩენა კომპენსირებული იქნება.
ასევე, მისი თქმით, ამერიკელებს პირბადის ტარება 2022 წლის დასაწყისშიც მოუწევთ. სამედიცინო ნიღაბზე უარის თქმა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელია, რაც აცრა მოსახლეობის უმრავლესობას გაუკეთდება.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, აშშ-ში კოვიდ19 – 28 134 143 პირს აქვს დადასტურებული.