ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოეწყო.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა.
გიორგი ტყემალაძემ მშობლიური ენის დღესასწაული არა მხოლოდ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიულოცა.
,,21 თებერვალს მსოფლიო მშობლიური ენის დღეს აღნიშნავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე, ვინაიდან ქართულ ენას მსოფლიოს 6 ათასამდე ენას შორის საპატიო ადგილი უკავია.
ჩვენ მშობლიურ ენაზე საუკუნეებია წერენ და საუბრობენ დიდი მოაზროვნეები, ფილოსოფოსები, მწერლები, პოეტები. მიუხედავად მძიმე ისტორიული წარსულისა, ქართული ენა გადარჩა და ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა. ეს კი მის უნიკალურობას, კიდევ ერთხელ ადასტურებს. ვულოცავ მშობლიური ენის დღესასწაულს, არა მხოლოდ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს”, -აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით კი, ეს დღე კულტურათაშორისი დიალოგისთვის მნიშვნელოვანია.
,,მშობლიურ ენაზე ზრუნვა, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თითოეული მოქალაქის საპატიო მოვალეობაა და ამ საერთაშორისო თარიღს, მიეძღვნა ჩვენი დღევანდელი ღონისძიება’’,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდის ცნობილ ხელოვანთა ქართული შრიფტის გარნიტური (გრავიურა) და აფხაზურ-ოსურ ენებზე გამოცემული მხატვრული წიგნები; ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის კონცეფციით შექმნილი და გამოცემული ლექსიკონები: ქართული ენის დიალექტებისა და ქართველური ენების, აგრეთვე ქართულ-აფხაზურ-ინგლისური, ქართულ-ოსურ-ინგლისური, უდიურ-ქართული, ბეჟიტურ-ქართული, ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი.
დღესვე ღონისძიებაზე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თანამშრომელმა, მწერალმა ირაკლი შამათავამ წარმოადგინა უახლესი გამოცემა „ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე“, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის პროზას აფხაზეთზე. ავტორის თქმით, წიგნში ახლებური ხედვაა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის და ნდობის მოპოვების საკითხებში.
ღონისძიებას, რომელზეც სიტყვით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გამოვიდნენ, კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა, ეთნოგრაფი ნუგზარ ანთელავა, ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი ამირან გომართელი, ქართული ფონტის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ჯიშკარიანი, ასევე მწერლები და ხელოვანები ესწრებოდნენ.
21 თებერვალს მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.