მიხეილ ჩხენკელი: სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო უზრუნველყოფილია
პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გაგრძელების შესახებ ისაუბრა და პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.
„როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები ჩვეულ სივრცეს – საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები და ზედმიწევნით არის დაცული როგორც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე, სამინისტროს რეკომენდაციები”,- განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოსა და სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მინისტრის პირველი მოადგილე პირადად ეცნობა სკოლებში არსებულ მდგომარეობას, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრები, თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენამდე სამინისტრომ დროულად უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ განახლებული რეკომენდაციების გაგზავნა. რაც შეეხება მშობლებთან კომუნიკაციას, მოსწავლეთა მშობლებისთვის აღნიშნული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით, სკოლები თავად უზრუნველყოფენ.
მინისტრობის კანდიდატმა მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობის მიმართულებით განსაკუთრებით გამოყო V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარების აუცილებლობის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება და სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებელთა სავალდებულო სისტემური ტესტირების უზრუნველყოფა. მისი თქმით, ორ კვირაში ერთხელ საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 20%-ს ტესტირება სისტემატურად უტარდება.
მიხეილ ჩხენკელმა მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა სემესტრის მსგავსად, მოსწავლეთა მშობლებს შეუძლიათ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ დისტანციურ ფორმატში ჩატარებული საგაკვეთილო საათებისთვის სამინისტრო მასწავლებლებისთვის დამატებით ანაზღაურებას უზრუნველყოფს. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს ეძლევა შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო მასწავლებლების როლი პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში, მადლობა გადაუხადა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის. მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2021 წლის იანვრიდან მოხდა მასწავლებლის ხელფასის ზრდა და ამასთან, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და სახელფასო პოლიტიკა, რის საფუძველზეც 2021 წლის იანვრიდან უფროსი სპეციალური მასწავლებლები სტატუსის შესაბამის დანამატს იღებენ.
რაც შეეხება გასულ 2020 წელს, Covid-19-ის პრევენციისა და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვას, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მოწონება დაიმსახურა. მათ შორის, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა „მაიკროსოფტის“ განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის გამართვის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შესთავაზა, მათ შორის, Microsoft Teams და Feedc Edu. ასევე, Teams-ში ინტეგრირდა პლატფორმა el.ge, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი და დაინერგა ელექტრონული ჟურნალი, რომლის სისტემური განვითარება აქტიურად მიმდინარეობს.
მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით შექმნილ უნიკალურ პროექტ „ტელესკოლაზე“, რომელიც 2020 წლის 30 მარტიდან ხორციელდება და ყველა საფეხურის მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, ტელეგაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე და საგნები ისწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.
მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში BBC-მ მოსწავლეებს „ტელესკოლა“ 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა. შესაბამისად, საქართველოს განათლების სისტემაში 10 თვით ადრე დაინერგა ის, რაც დიდ ბრიტანეთში 2021 წლიდან დაიწყო.
მინისტრობის კანდიდატმა, დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ზოგადი განათლების შესახებ კანონმა დისტანციური სწავლება განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარა და 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი.
გარდა ამისა, 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების დასაძლევად, სამინისტროს ინიციატივით, ინტერნეტ პროვაიდერებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეღავათიანი ინტერნეტპაკეტი შესთავაზეს.
დისტანციური სწავლების უკეთ წარმართვის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლებისთვის ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და მათი გადამზადება დისტანციური სწავლებისათვის. ზოგადი და პროფესიული მასწავლებლებისთვის ჩატარდა 130 ვებინარი, რომელშიც 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი „დისტანციური სწავლება Microsoft სერვისების გამოყენებით“ 16 000-მდე მასწავლებელმა გაიარა.