საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა, ცხვინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე ისაუბრა.
მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს მთავრობა რეგულარულად სვამდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციასთან არსებული საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში.
„ზაზა გახელაძისა და დანარჩენი უკანონო პატიმრების გათავისუფლების თემა საქართველომ კატეგორიულად მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში; არაერთხელ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და თანათავმჯდომარეების მედიაციის გამოყენება; საკითხი მწვავედ დაისვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა ეუთოს მუდმივი საბჭო, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი და სხვა საერთაშორისო ფორმატები,” – აღნიშნა ზალკალიანმა.
როგორ ზალკალიანმა აღნიშნა, ზაზა გახელაძის საკითხზე ფართო საერთაშორისო გამოხმაურება იქნა უზრუნველყოფილი. კონკრეტულად, 9 თებერვალს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხზე, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
10 თებერვალს, საქართველოს ინიციატივით გაიმართა დებატები ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომის დღის წესრიგის 2.1: ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში პუნქტის ქვეშ. ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობის 12 წლით გაგრძელების შესახებ.
11 თებერვალს, ქართული მხარის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე. სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, უკრაინისა და აზერბაიჯანის დელეგაციებმა; ასევე, კანადის დელეგაციამ, ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის სახელით.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, კანადის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის მინისტერიალზე, რომლის ფარგლებშიც მან ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათ შორის ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე. ისე როგორც აღნიშნულ ტემაზე მსჯელობა წარიმართა 15-16 თებერვალს ეუთო-ში შვედეთის თავმჯდომარეობის რანგში შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში.