მამუკა მდინარაძე: არანაირი დაპირისპირება ან აზრთა სხვადასხვაობა გუშინდელ საღამომდე გიორგი გახარიასა და გუნდის სხვა წევრებს შორის არ ყოფილა
“არანაირი დაპირისპირება ან აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუშინდელ საღამომდე გიორგი გახარიასა და გუნდის სხვა წევრებს შორის არ ყოფილა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას საქმეზე აღსრულების საკითხთან დაკავშირებით გუშინ საღამოს ცხარე დისკუსია იყო.
„დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის, რაზეც ოპოზიციური მედია საუბრობდა გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, იყო ტყუილი. ეს თავის განცხადებაში გიორგი გახარიამაც დაადასტურა. ნიკა მელიას საქმეზე აღსრულების საკითხთან დაკავშირებით გუშინ საღამოს იყო ცხარე დისკუსია, დღეს დილით რამდენიმე ადამიანმა ვიცოდით ამ გადაწყვეტილების შესახებ. არანაირი დაპირისპირება ან აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით გუშინდელ საღამომდე გიორგი გახარიასა და გუნდის სხვა წევრებს შორის არ ყოფილა“, – განაცხადა მდინარაძემ.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.