გიგა ბოკერია: ამ ვითარებაში, როდესაც პრემიერი გადადგა, აშკარაა, რომ ნორმალიზაციის ერთადერთი გზა მშვიდი, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა
“ამ ვითარებაში, უკვე როდესაც პრემიერმინისტრი გადადგა, პირდაპირ აშკარაა, რომ ნორმალიზაციის ერთადერთი გზა არის ნორმალური, მშვიდი, ვადამდელი არჩევნების ჩატარება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო წარმატება იქნება, როდესაც კრიზისი მოლაპარაკებების გზით ბოლომდე განიმუხტება.
„ოპოზიციის არჩევანი არასდროს ყოფილა დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა და ამ ზღვრამდე ქვეყნის მიყვანა. ჩვენ ვცდილობდით და ახლაც ასე უნდა იყოს ყველას ამოცანა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოებას ჰქონდეს ლეგიტიმური განცდა, რომ ამ ქვეყნის პატრონები მოქალაქეები არიან, რომ არჩევნებს აზრი აქვს, რომ ეს არის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში დარჩენის ან შეცვლის და რომ აღარასდროს, არცერთი ხელისუფლება თავში აღარ გაივლებს იმას, რომ ვინც პოლიტიკურად არ მოსწონს, შეიძლება, დევნოს სისხლის სამართლებრივი გზით და ძალოვანების გამოყენებით. კარგია, რაც დღეს მოხდა, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, საბოლოო წარმატება იქნება, როდესაც ეს კრიზისი მოლაპარაკებების გზით ბოლომდე განიმუხტება, როდესაც ყველა ცვლილება ამ ქვეყანაში მშვიდობიანად მოხდება და როდესაც დავიწყებთ ქვეყნის გამოყვანას იმ უმძიმესი პრობლემებიდან, რომელიც დღეს არის შექმნილი ჩვენი თითოეული მოქალაქის ოჯახისთვის. ოპოზიციას აქვს სრული ერთიანობა იმაზე, რომ უნდა იყოს მოლაპარაკებები, სიმშვიდე და რომ უნდა იყოს მშვიდობიანი ცვლილებები ქვეყანაში. ამას სჭირდება ნორმალური ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ბოკერიამ.