გიგი უგულავა სპეცრაზმელებს:  ნუ გგონიათ, ჩაფხუტი დაგიცავთ, თქვენი სახელებისა და გვარების, კოორდინატების გაგება არ გაგვიჭირდება

არანაირი ინდულგენცია არ იქნება და ნუ გგონიათ, რომ ჩაფხუტი დაგიცავთ. კარგად იცით, რომ თქვენი სახელების, გვარების და კოორდინატების გაგება არ გაგვიჭირდება, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ სპეცრაზმელებს მიმართა.

როგორც უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ასეთი სპეცრაზმელების ოჯახის წევრებს უნდა რცხვენოდეთ მათი.

„მინდა მივმართო, სპეცრაზმელებს, რომლებიც ხუთი წუთის სავალზე, პეპელას დასახლებაში ყაზარმულ მდგომარეობაში არიან. მეგობრებო, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ეგ ყაზარმა ჩვენ გავხსენით თავის დროზე, გახსნაზეც ვიყავი და ბევრ თქვენგანთან ერთად გვისადილია კიდეც. არანაირი ინდულგენცია არ იქნება და ნუ გგონიათ, რომ ჩაფხუტი დაგიცავთ. კარგად იცით, რომ თქვენი სახელების, გვარების და კოორდინატების გაგება არ გაგვიჭირდება. ყველა ბოძზე იქნება მათი სახელები და გვარები, ვინც მშვიდობიან მოქალაქეზე აღმართავს ხელს, ყველა სოციალური ქსელი გადაჭედილი იქნება, ისე, რომ მათი ოჯახის წევრებს შერცხვეთ, მათ შვილებს შერცხვეთ, რომ ჰყავთ მამა, რომელიც მოვა და აქ უსუსურ ადამიანებს თავში ჩაარტყამს. მათ მშობლებს უნდა შერცხვეთ.

ივანიშვილთან კი აღარ მაქვს საქმე, მე მაქვს საქმე რიგითებთან, რომლებმაც იციან, რომ უკანონობას აკეთებენ, მაგრამ მაინც ასრულებენ. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები