მამუკა მდინარაძე: დესტაბილიზაციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, პროვოკაციაში ჩაგვითრიონ

“მაქსიმალურად უზრუნველყონ შსს-ს წარმომადგენლებმა ნებისმიერი, ამ თუ სხვა გადაწყვეტილების აღსრულების დროს ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასთვის გამოტანილი განაჩენის თაობაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, პროვოკაციების თავიდან არიდება მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„ჩვენ ვერასდროს დავემსგავსებით „ნაცმოძრაობას“ და ვერასდროს დავემსგავსებით იმათ, ვითომ ვისაც ებრძვიან, ოკუპანტ ძალას. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ სხვა გადაწყვეტილება, რომელიც აღსასრულებლად სავალდებულოა კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ვერ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დავიცვათ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ვიცით, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია იმისათვის, რომ მოხდეს უკიდურესი პროვოკაცია. მაქსიმალურად უზრუნველყონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნებისმიერი, ამ თუ სხვა გადაწყვეტილების აღსრულების დროს ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა, მაქსიმალურად უზრუნველყონ პროვოკაციების თავიდან არიდება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება მორალური და კანონისმიერი და ასევე, ეს არის „ნაცმოძრაობის“ გეგმის ნაწილი. ერთია მორალური და კანონიერი მხარე და მეორეა, რომ ჩვენ დესტრუქციულ და დესტაბილიზაციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩაგვითრიონ პროვოკაციაში. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ზედმიწევნით ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით, მაქსიმალურად კორექტულად“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები