ფრიდონ ინჯია: ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მუშაობაში თემატური მოკვლევის ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი სოციალისტები“ ავრცელებს.

როგორც “კვირას” პარტიიდან აცნობეს, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნული საკითხი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დააყენა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

„არსებობს სერიოზული, არგუმენტირებული შეკითხვები მარეგულირებელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. დარღვევები იმდენად დიდია, რომ არ გამოვრიცხავ საჭირო გახდეს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა. მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ სანამ მარეგულირებელი კომისია მუშაობის შესახებ პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს, უნდა მოხდეს მისი საქმიანობის თემატური მოკვლევა,“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერს მიაჩნია, რომ აუცილებელია საპარლამენტო კომიტეტების სტატუსის უფრო მაღალ დონეზე აყვანა, მით უფრო, ამას ისედაც ითვალისწინებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

„ვინაიდან, ჩვენი ქვეყანის კონსტიტუციური მოწყობა გახლავთ საპარლამენტო რესპუბლიკა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან, კანონების შესრულებასთან მიმართებაში უნდა იყოს გაძლიერებული საპარლამენტო კონტროლი. მე ვისურვებდი, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის 2021 წლის სამოქმედო გეგმაში და საერთოდ პარლამენტის საქმიანობაში ეს ხაზი იყოს უფრო მეტად გამოკვეთილი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები