“ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებითა და არსებული ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
ჰარცელი შიშობს, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება ფართო გავლენა, რაც საერთო ენის გამონახვას შეუძლებელს გახდის.
„თვითონ იურიდიულ ნაწილზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის მიმდინარე საკითხი და ყველას მხრიდან პროცესისადმი პატივისცემა უნდა იყოს გამომჟღავნებული. რა თქმა უნდა, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახე, რომ პოლიტიკურ სივრცეში ტემპერატურა კვლავ ძალიან სწრაფად იმატებს. ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებითა და არსებული ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში. ვშიშობ, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.
რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, – აღნიშნა ჰარცელმა.