არჩილ თალაკვაძე: მივმართავთ ოპოზიციასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც უშუალო კომპეტენცია გააჩნია არჩევნების სფეროში, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ
“კარი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის რჩება ღია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებსა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ყველა დაინტერესებულ მხარეს მიმართავს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.
„ჩვენი პოლიტიკური პირობა იყო საზოგადოების მიმართ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროებით საგამოძიებო კომისიას შევქმნიდით. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ოპოზიციისთვის, როგორც პარლამენტში უკვე შემოსული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე იმ ოპოზიციისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩართული საპარლამენტო პროცესში, კარი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის რჩება ღია. ჩვენ ასევე მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც უშუალო კომპეტენცია გააჩნია არჩევნების სფეროში, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ კომისიის მუშაობაში, ისე, როგორც ამას რეგლამენტი უშვებს. მოდით, ყველამ ერთად გადავამოწმოთ ის კითხვები და პრეტენზიები, რაც ოპოზიციას ჰქონდა არჩევნებთან მიმართებით, ვინაიდან საერთაშორისო დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით შესაბამისად.
ყველას ინტერესებში შედის, რომ ერთად – მმართველმა გუნდმა, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ გადავამოწმოთ, იყო თუ არ იყო რეალურად ის ხარვეზები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა და რის საფუძველზეც რიგგარეშე არჩევნებს ასე პრინციპულად ითხოვდა წინა თვეებში.
თუმცა დღეს, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ეს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან. ამავე დროს. განუზომელი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ, საბოლოოდ, ერთობლივ ფორმატში დავადგინოთ სიმართლე და გადავამოწმოთ ყველა ის პრეტენზია, რაც ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნებთან მიმართებაში“, – განაცხადა არჩილ თალავაძემ.