ანა დოლიძე გერმანიაში დასაქმებაზე: როდესაც ერთ დღეში ქვეყნიდან გაქცევის სურვილი 40 ათას ადამიანს უჩნდება, ეს არის ხელისუფლების განაჩენი
„როდესაც ერთ დღეში ქვეყნიდან გაქცევის სურვილი თითქმის 40 ათას ადამიანს უჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უპატრონოდაა დარჩენილი, მას მთავრობა არ ჰყავს,“ – ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ის ფაქტი, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით ერთ დღეში 53 274 მოქალაქე დარეგისტრირდა.
მისივე თქმით, “ეს არის ხელისუფლების განაჩენი”.
„პირველივე დღეს გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელად 40 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა. ეს არის ამ ხელისუფლების განაჩენი. იმის მაგივრად, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დაკავებული იყოს საკუთარი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, კოვიდპანდემიის პირობებში ყოველდღიურად ვხედავთ უგუნური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, როგორ ესხმის თავს ჩვენი ხელისუფლება მშრომელ ხალხს.
ჩაკეტილი ქვეყანა, ათი ათასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანი, დახურული ბიზნესები, ათასობით სტატუსშეჩერებული სტუდენტი, ბანკების პროცენტებით გაგუდული პენსიონერები – ეს ის ადამიანები არიან, ვისაც გაქცევა უნდათ სამშობლოდან, რომ ლუკმა-პური იშოვონ. ხელისუფლება კი ამ ფაქტს არც იმჩნევს. რისთვის ვქირაობთ ამ ხალხს და რისთვის ვუხდით ჩვენი ბიუჯეტიდან ფულს, იმისთვის რომ ისევ მხოლოდ თვითონ და მათთან დაახლოებული პირები გამდიდრდნენ.
თუკი სხვა ქვეყნები ახერხებენ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები არა მარტო თავისი მოსახლეობისთვის, არამედ დაიქირაონ მუშახელი საქართველოდან, რას გვიკეთებს მთავრობა – ფაქტობრივად, არაფერს, არც კოვიდპანდემიამდე ჰქონიათ ეკონომიკური პოლიტიკა, არც დღეს აქვთ და, აფქტია, არც მომავლისთვის ფიქრობენ ამ მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნა უპატრონოდაა დარჩენილი და მას ხელისუფლება არ ჰყავს,“ – აცხადებს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა – „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო. საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება.