გიგა ბოკერია: ნიკა მელიას თუ დააკავებენ, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას დააზიანებენ და ბრაზს კიდევ უფრო გააღრმავებენ
„ნიკა მელიას წინააღმდეგ მთელი საქმე პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთაა ამოცანით, რომ ზოგადად საზოგადოება, კერძოდ, ოპოზიციური სპექტრი დააშინონ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, თუ ნიკა მელიას დააკავებენ, ქვეყანას დააზიანებენ და ბრაზს კიდევ უფრო გააღრმავებენ.
„ნიკა მელიას წინააღმდეგ მთელი საქმე არის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა, ამოცანით რომ ზოგადად საზოგადოება, კერძოდ, ოპოზიციური სპექტრი დააშინონ და შესაძლოა, გამოთიშონ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოლიტიკური ცხოვრებიდან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და დათრგუნონ საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ისინი ამ ამოცანას ვერ მიაღწევენ, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და დააკავებენ ნიკა მელიას, თავის ბედს გახდიან დრამატულს, ქვეყანას ძალიან დააზიანებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ბრაზს და დაპირისპირებას – ყველაფერს გააფუჭებენ. იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს ვერ გაბედავენ და არ და ვერ გადადგამენ. ინსტიტუტების ჩამოშლას, ჩვენი ქვეყნის კურსიდან გადახვევას და დიდი საფრთხის წინაშე დაყენებას ყველაფრის, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტების ტრადიცია ჰქვია, სათავე დაუდო ამ რეჟიმმა და აგრძელებს ნაბიჯ-ნაბიჯ. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერა იქნება კიდევ ერთი დარტყმა ამ მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ იმ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ნორმალური ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქციები დაგეგმილი გვაქვს და ეს გაგრძელდება ვიდრე არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ თუ ნიკა მელია დაიჭირეს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს შეიტანს დიდ კორექტივებს ყველაფერში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.