მაია ბითაძე: საქმე გვაქვს, გარკვეულწილად, პოლიტიკურ ცირკთან, რომლის დადგმის სურვილი აქვს ნიკანორ მელიას

“ნიკანორ მელია მიზნობრივად ახორციელებს აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობას, ამას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გარკვეული ნაწილი მხარს უბამს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, მელიას, გარკვეულწილად, პოლიტიკური ცირკის დადგმის სურვილი აქვს.

„ძალიან მარტივი საკითხია. საქმე გვაქვს გარკვეულწილად პოლიტიკურ ცირკთან, რომლის დადგმის სურვილი აქვს ნიკანორ მელიას. თუმცა, აქვე მოვუწოდებ, მას ჰქონდა საშუალება, შემოსულიყო პარლამენტში, ემუშავა და განეხორციელებინა თავისი უფლებამოსილება ყველანაირი ცირკის, სამაჯურის გადაგდებისა და მოხსნის გარეშე. არ გამოიყენა ის კანონისმიერი ლმობიერი დამოკიდებულება პროკურატურის მხრიდან რასაც გირაოს გადახდა ჰქვია. მიზნობრივად ახორციელებს აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობას, ამას მხარს უბამს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გარკვეული ნაწილი. დღეს ჩვენ მომსწრე ვართ იმის, რომ მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციების რეჟიმში ცდილობენ გადაიყვანონ სამართლებრივი სახელმწიფო, რაც მიუღებელია“, – აცხადებს ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები