ზურაბ ჯაფარიძე: ბარს კიდევ ბევრს გავხსნი, არ არის პრობლემა
“ჭიდაობას არ ვაპირებ, უბრალოდ, ღამე მოვალ, რაღაცებს ვიზამ, ბარს კიდევ ბევრს გავხსნი, არ არის პრობლემა”, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძეს დალუქულ ბარში შესვლა და გახსნა სურდა, თუმცა, პოლიციამ მას ამის უფლება არ მისცა.
„ზუსტად არ ვიცი, დამაჯარიმეს თუ არა, ზეპირად მითხრეს, დღემდე არ ვიცი არაფერი. ფურცელი მე არ ჩამიბარებია. გუშინ წინ ღამე მითხრეს, რომ 2 000 ლარით დაჯარიმდიო, უკანონო კომერციული საქმიანობის გამო. ამ ბარის მუღამი არის ის, რომ ვაპროტესტებ ამ შეზღუდვებს. ცხადია, ამიკრძალავ სიცოცხლეს, სიცოცხლე გახდება უკანონო. გუშინ მოვიდა პოლიცია, დამილუქეს ბარი. ჩემთვის ეს პროტესტია და მოვედი, რომ გავხსნა ბარი და ამ ბარს გავხსნი, თუ არ გამაკავეს. პოლიცია დგას და არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ დავარღვიო კანონი. მეუბნებიან, არ დამარღვევინებენ და პრევენციისთვის არიან აქ. ჭიდაობას არ ვაპირებ, უბრალოდ, ღამე მოვალ, რაღაცებს ვიზამ. ბარს კიდევ ბევრს გავხსნი, არ არის პრობლემა. არცერთი ფურცელი არ მაქვს ჩაბარებული არც ჯარიმის, არც ოქმის. ჰიპოტეტურად სადღაც არის ოქმი. მაინტერესებს, რამდენ ხანს იდგებიან აქ. ორი განყოფილების პოლიცია დგას. ვარღვევ რეგულაციებს, ეს არის პოლიტიკური პროტესტი, აკრძალვებზე არდამორჩილება. არც ვმალავ ამას. ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და უკრძალავენ გადაადგილებას, მუშაობას, რესტორანში წასვლას, 21:00 საათის შემდეგ გასვლას, ამ ადამიანებს მინდა, გავაგებინო, რომ ასე მორჩილება რეგულაციების პაკეტზე, რაც სულ ტყუილად მიიღეს, ჩვენს უფლებებს ლახავს. პროტესტის მთელი აზრი არის, რომ ჩემი შვილები არ უნდა დავტოვო ასეთ ქვეყანაში. კანონს ვარღვევ მიზანმიმართულად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ ბარი – „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა, მან ბარი განმეორებით გახსნა. ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ადგილზე არსებული ვითარება გადაამოწმეს და ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიან, რადგან ეს კანონდარღვების მეორე შემთხვევაა. პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქა და იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევის მუხლით გამოძიება დაიწყო.