მამუკა მდინარაძე: ბოლო მომენტამდე იქნება იმის მცდელობა, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, არ მგონია, მიშას თამაშს ბოლომდე დაჰყვეს

“ბოლო მომენტამდე იქნება იმის მცდელობა, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, არ მგონია, მიშას თამაშს ბოლომდე დაჰყვეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოკერიას მიერ დაანონსებული რევოლუცია მათ გონებასა და აზროვნებაში ახლა ფრთებს ისხამს, მაგრამ რეალურად ისინი დღევანდელ სიტუაციას აცდენილები არიან.

„ოპოზიცია საზოგადოებას ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოუწოდებს, რაც არის, ერთი მხრივ, საგანგაშო. თუმცა, საბედნიეროდ, მათ ამის ძალა არ შესწევთ. მეორე მხრივ, სახელმწიფოც თავის ადგილზე დგას და, მიუხედავად ხელისუფლების ჰუმანურობისა, კანონის ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია, სახელმწიფო არ დაუშვებს და ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს. ეს არის, როგორც ჩანს, მათი მიზანი. მე პირადად მაინც მგონია, რომ ბოლო მომენტამდე იქნება იმის მცდელობა, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. არ მგონია, მიშას თამაშს ბოლომდე დაჰყვეს და, შესაბამისად, რადიკალური სცენარის განვითარებას შეუწყოს ხელი თავისი მოგონილი პოლიტდევნილობით.

ყველა შემთხვევაში, ფაქტია, რომ ბოკერიას მიერ დაანონსებული რევოლუცია მათ გონებასა და აზროვნებაში ახლა ფრთებს ისხამს. მაგრამ რეალურად ისინი მართლაც აცდენილები არიან დღევანდელ სიტუაციას, რეალურ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია. მაშინ როდესაც, პანდემიის ძალიან მძიმე ზიანის გამო არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ძალიან ბევრი მოქალაქე, მაშინ როდესაც, ქვეყანა არის ოკუპაციის პირობებში ამ პირობებში მოგონილი არგუმენტები და არგუმენტი, რომ მორალი კანონის მხარეს არ არის, შეუძლებელია რაიმე აქტივობა განახორციელონ. ამორალურია ასეთ დროს შენს ქვეყანას ურტყამ მოგონილი არგუმენტებით და მოგონილი პოლიტდევნილობით. მაშინ როდესაც, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და არა – ხელისუფლებაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები