ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“: ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა
ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა – მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ! , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას.
როგორც მელია აცხადებს, მისმა პრინციპულმა პოზიციამ “ქართულ ოცნებას” წონასწორობა დააკარგვინა.
“პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა ქართულ ოცნებას და აიჭრნენ.უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო – პროკურატურა, არამედ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე. პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე – თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი. ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი სიმაღლე, პოლიტიკური აღვირახსნილობის და უტიფრობის ტრიუმფი რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად. მოკლედ, ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა – მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ! მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!”, – წერს მელია.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გირაოს გადახდა მისი მხრიდან სირცხვილი და დანაშაული იქნება, რადგან მის წინააღმდეგ „საქმე შეკერილია“. მან ასევე “საქართველოს ბანკს” მიმართა, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა.”ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ხელისუფლების მხრიდან იქნება გამოყენებული, მითიური პერსონა, რომელზეც დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია ნადირობს და პლუს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, რბილად რომ ვთქვათ, ჩემი არაკეთილმოსურნე იქნება და პირადად მე მომიწევს ამ ადამიანის მხილება, რომ ის მჭიდროდ დაკავშირებულია არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სპეციალური უსაფრთხოების სამსახურთან“,- განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას ბრიფინგის შემდეგ განცხადება გააკეთა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ნიკა მელიას განცხადება კიდევ ერთხელ იყო დადასტურება სიმხდალის და საზოგადოების მოტყუების მცდელობის – “თითქოს აღტკინება და სურვილი გვაქვს, რომ მაინც და მაინც მას გადავუხადოთ გირაო”. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა, მანიპულაციებს თავი დაანებოს, გადაიხადოს გირაო, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს. ამასთან მდინარაძე აღნიშნა, გირაოს ანგარიში არის ღია და მანიპულირებენ სპეციალურად ისეთი ტერმინით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცხოა.