მაია ბითაძე: დროა ტყის კოდექსი სრულად ავამოქმედოთ ტყეზე ზემოქმედება რომ მაქსიმალურად შევამციროთ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, ტყის მართვის სფეროში არსებული ვითარების, გამოვლენილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, ტყის კოდექსი სრულიად ახლებურად აყალიბებს იმ პრინციპებს, რომელსაც ქვეყანა სამომავლოდ უნდა მიყვეს იმისთვის, რომ ტყეზე ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდეს და ქვეყანა გადავიდეს ტყის მდგრადი მართვის იმ პრინციპებზე, რომლებიც დანერგილია მთელ განვითარებულ მსოფლიოში.
„ტყის კოდექსის მიღება ნამდვილად ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ქვეყანა ამისკენ მიდიოდა წლების განმავლობაში, თუმცა მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მოხერხდა კოდექსის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი დამტკიცებულია, მისი სრულფასოვნად ამოქმედება დაკავშირებულია კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა პრინციპი, რომლებიც განსაზღვრულია ტყის კოდექსით, ამოქმედდეს. სამწუხაროდ კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც რამდენიმე თვის წინათ უნდა მიღებული ყოფილიყო, დღემდე მიღებული არ გვაქვს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად განსაზღვრული საკომიტეტო და საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გადაწყდა, რომ კომიტეტში გამართულიყო მოსმენა და სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მიეღოთ ინფორმაცია კანონქვემდებარე აქტების მიღების, შემუშავების, სტატუსის შესახებ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა წარადგინა ინფორმაციები ტყის კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებასა და მიღებასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ტყეებში, მათ შორის, ქალაქებში ფიტოსანიტარული გამოწვევების შესახებ.
მომხსენებელმა შეკრებილთ შეახსენა კოდექსის მთავარი მიზნები, ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რაც აქვს საზოგადოებას, რეგიონებს, მუნიციპალიტეტებს, ძირითად საჭიროებებზე, განსაკუთრებით, ფინანსური რესურსების მობილიზების მიმართულებით, უწყებათა შორის კოორდინაციაზე. ყურადღება გაამახვილა ახალ პროექტზე, რომლის მიხედვით საქართველო კლიმატის მწვანე ფონდიდან 30 მილიონ დოლარს იღებს გრანტის სახით და სხვა.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ქვეყნის ტერიტორიის 43% არის ტყე და არ არის სექტორი, რომელსაც კვეთა არ ჰქონდეს მასთან, ბოლო 30 წლის განმავლობაში კი ძალიან გაიზარდა ზემოქმედება ტყეზე, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ ტყის კოდექსმა განისაზღვრა სატყეო სექტორის მომავალი- ეს უნდა იყოს მდგრადი სარგებლობა ისე, რომ სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ბალანსი არ დაირღვეს. ქვეყანაში იყოს ჯანსაღი ტყეები, მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობა იყოს შენარჩუნებული და გაუმჯობესებული, სწორად გამოვიყენოთ მერქნული რესურსი და არა მარტო შეშად.
„კოდექსის მიზანია ტყეზე ზემოქმედების მაქსიმალური შემცირება, ეს კოდექსი იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს ტყეები როგორც სამეურნეო, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენებული იქნეს ახალი მიდგომების გათვალისწინებით, მაქსიმალურად იქნეს ათვისებული ტყის არამერქნული რესურსები და ტყის ნარჩენები”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კოდექსიდან გამომდინარე მთავარი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ტყითსარგებლობის წესს განსაზღვრავს, ფაქტობრივად უკვე მომზადებულია და მალე მოხდება მისი დამტკიცება. ასევე მუშავდება სხვა კანონქვემდებარე აქტების პროექტებიც. მისივე თქმით, ტყის კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობისას, გამოიკვეთა საჭიროება, რომ კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანაც მოხდეს. სამინისტრო პარალელურად აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთანაც, რათა მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია კოდექსიდან გამომდინარე ტყითსარგებლობაში მოსალოდნელი სიახლეების შესახებ.
წარმოდგენილ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. როგორც გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ განაცხადა, თანამშრომლობისათვის ყოველთვის მზად არიან.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბევრს ვერ წარმოედგინა თბილისი გამწვანების გარეშე, მაგრამ მწვავე სიტუაციაა, მალე სხვა დიდი ქალაქებიც შეიძლება დარჩეს გამწვანების გარეშე, თუ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში ყველამ ერთობლივი ძალისხმევა არ გამოიჩინა.
მაია ბითაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისათვის, კომიტეტი მზადაა, შექმნას სამუშაო ჯგუფი მაჟორიტარებისა და ექსპერტების ჩართულობით. კომიტეტი უახლოეს ხანში ასევე შექმნის სამუშაო ჯგუფს ტყის მიმართულებით, რომლის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში, ასევე იმ საკითხების ადრეულ ეტაპზე გადაწყვეტაში, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე დაისმება.