მამუკა მდინარაძე: პროკურატურა არ ეხვეწა, არ დაგიჭერთ და ნუ გადაიხდი გირაოსო, ახლა ცუდ სიტუაციაში არიან, ადამიანს ეძებენ, ვინც გირაოს გადაიხდის

ეგონათ, ვინმე ხვეწნას დაუწყებდათ. პროკურატურა არ ეხვეწა, არ დაგიჭერთ და ნუ გადაიხდი გირაოსო. ახლა ცუდ სიტუაციაში არიან, ადამიანს ეძებენ, ვინც გირაოს გადაიხდის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.

„მიხეილ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ თავისი ფეხით, თავისი სურვილით წავიდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა და გამოიყვანოს ფსევდოგმირი ნიკა მელიას სახით, ამით ცეცხლი დაანთოს, რადგან მეტი შანსი აღარ აქვს. თავად ძებნილი ადამიანი ასე თვლის. მეორე მხრივ კი, ეს ყველაფერი გამოიყენოს რათა საერთაშორისო თუ შიდა მოხმარებისთვის რამენაირად პილიტდევნილის სტატუსი აკიდოს, მისი მიზანი ეს არის. დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. თუ დააკვირდებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, თავის არხებთან ერთად მესიჯს ალაგებენ, რომ თითქოს, ჩვენ გავიქცევით და ნიკა მელიას გირაოს გადავუხდით. წარმოუდგინეთ, პიარული თავხედობის ხარისხი და დონე. დღეს ინფორმაცია გახმოვანდა, რომ ისინი ცდილობენ, ადამიანი მოძებნონ, რომელიც გირაოს გადაიხდის და შემდეგ ქვეყანას დატოვებს, რომ მედიამ კითხვები არ დაუსვას. შემდეგ იტყვიან, თითქოს, ეს ადამიანი ხელისუფლებიდან მიგზავნილი იყო და გირაოს თანხა ჩუმად შეუცურეს. საოცრებას კადრულობენ და იგონებენ. იმის თავი არ აქვთ, რომ გირაო არ გადაიხადონ, რადგან როცა თავის თავს იჭერს ადამიანი, ბუნებაში არ არსებობს. გამოვიდა და გულზე მჯიღის დარტყმით იძახა, არ გადავიხდიო, ვერც დამიჭერთო.

ეგონათ, ვინმე ხვეწნას დაუწყებდათ. პროკურატურა არ ეხვეწა, არ დაგიჭერთ და ნუ გადაიხდი გირაოსო. ახლა ცუდ სიტუაციაში არიან, ადამიანს ეძებენ, ვინც გირაოს გადაიხდის და დატოვებს ქვეყანას. თუ ნიკა მელია თავისივე გადაწყვეტილებით ციხეში წავა, მიხეილ სააკაშვილი წაუგებელს თამაშს თამაშობს თავისი აზრით, ეს ამას გაყიდის, რომ ის „პოლიტპატიმარია“, რადგან პარტიის თავმჯდომარეა და იქნებ, ამ ტყუილით ცეცხლი დაანთოს, რადგან სხვა ტყუილებით ვერ დაანთო. ეს ის შემთხვევაა, როცა ბრალდებულზეა დამოკიდებული მისი ბედი. პირველივე დარღვევაზე, როცა სამაჯური მოიხსნა, გადააგდო, ამით სახელმწიფოს, კანონს და სამართალს სახეში შეაფურთხა, ჰუმანურად მოექცნენ, გირაოს რაოდენობა გაზარდეს და ესეც არ გადაიხადა. თავისი გადასაწყვეტია, რას იზამს და ნურავის ნურაფერს დააბრალებს. დარწმუნებული ვარ, გადაიხდის. არც ერთ ნაციონალს არ აქვს ფსევდოგმირობის, ან გმირობის თავი. ეს მათი ბუნება არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

5 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები