მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიცია ჩამოშლის პირასაა
“რადიკალური ოპოზიცია ჩამოშლის პირასაა”, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პარტიაში „ევროპული საქართველო“ ცვლილებები განხორციელდეს.
მისივე თქმით, ადამიანები მიხვდნენ, რომ რადიკალიზმი მისაღები არ არის.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მართლაც დღე არ გასულა, როცა პარტიების ერთი-ორი წევრი პარტიიდან არ წასულიყო. ადამიანები მიხვდნენ, რომ რადიკალიზმი მისაღები არ არის და თან შედეგიანი, თუნდაც, მათი სუბიექტური მოზნებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ ხდება ოპოზიციის ჩამოშლა. ამის გადასაფარად ხდება უამრავი პიარმექანიზმის ჩართვა, თითქოს, „ქართულ ოცნებაში“ რაღაც ხდება და სიუჟეტები კეთდება, მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირებებია და საოცრებებს ჰყვებიან. პირდაპირ ეთერში არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ჭორაობენ. რადიკალური ოპოზიცია ჩამოშლის პირასაა და, პრაქტიკულად, ჩამოიშალა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართვლოს“ ლიდერები, გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამან გამოიწვია გიგა ბოკერიასთან მათი დაპირისპირება, რის გამოც შესაძლოა, დავით ბაქრაძემ პარტია დატოვოს.