ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მიმართულებით.
„ძვირფასო პრემიერმინისტრო, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრად ხელახლა დანიშვნას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა თანამშრომლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მნიშვნელოვანი პროგრესით ხასიათდება არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართო მიზნების თვალსაზრისით.
დარწმუნებულნი ვართ, ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება კონსენსუსის მიღწევისკენ ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის მოსაგვარებლად და საქართველოში დემოკრატიის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, რასაც ასევე, არსებითი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საგრძნობ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხითაც”, – აღნიშნულია წერილში.