აღსრულების ეროვნული ბიურო იუსტიციის სამინისტროსთან კრედიტორების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება
აღსრულების ეროვნული ბიურო იუსტიციის სამინისტროსთან კრედიტორების მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“მსოფლიოსა და საქართველოში არსებული პანდემიური ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შეჩერებულია გამოსახლების საქმეების წარმოების პროცესის მხოლოდ ერთი კომპონენტი – სახლიდან იძულებით გამოყვანა.
რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოსახლების საქმეების წარმოება ჩვეულებრივ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, 2020 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, იმ პერიოდში, როდესაც შეჩერებული იყო სახლიდან იძულებით გამოყვანის პროცესი, აღსრულების პოლიციამ გამოსახლების კატეგორიის 37 საქმე დაასრულა მორიგებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აღსრულების ბიურო ხელმძღვანელობს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით და დავების გადაჭრისას, ორიენტირებულია მათ მორიგებაზე და არა – იძულების ღონისძიებებზე.
იმ შემთხვევებში კი, სადაც მხარეებს შორის მორიგების მიღწევის შესაძლებლობები სრულადაა ამოწურული, აღსრულების ეროვნული ბიურო იძულების ღონისძიებების განხორციელებას განაახლებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მისცემს”, – ნათქვამია განცხადებაში.