ლევან ბეჟაშვილი: “ქართული ოცნება“ ცდილობს, პატარ-პატარა ლუკმების გადმოგდებით ცალკეული ოპოზიციური პარტია მოთაფლოს
“ვინაიდან არჩევნები მოგვპარეს, არჩევნები ჯერ უნდა დავიბრუნოთ. შემდეგ ვიფიქროთ ნულოვან ბარიერებსა და საარჩევნო კოდექსის დეტალებზე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა სამართლიანი არჩევნებია.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, ასეთი მსგავსი პატარ-პატარა ლუკმების გადმოგდებით მოთაფლოს, მოქრთამოს ცალკეული ოპოზიციური პარტია, რომელთათვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება. ამიტომ, გენერალურ ხაზს, რასაც ჩვენ ქართველი საზოგადოება, ამომრჩეველი გვიკვეთავს, რომ ამ ქვეყანას დავუბრუნოთ სამართლიანი, ობიექტური არჩევნები, უნდა მივყვეთ. ვინაიდან არჩევნები მოგვპარეს, არჩევნები ჯერ უნდა დავიბრუნოთ და შემდეგ ვიფიქროთ ნულოვან ბარიერებსა და სხვადასხვა საარჩევნო კოდექსის დეტალებზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “მემორანდუმით, რომელიც არის ღია, ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობს შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე”.