გოგი მეშველიანი ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.
როგორც მეშველიანი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული ქმედება შესაძლოა, ცილისმწამებლური კამპანიით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყოს.
“მსურს, გამოვეხმაურო ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს, მე ვმალავ ჩემი მეუღლის ავტომობილს.
ცალსახაა, რომ ჟურნალისტს სიუჟეტზე არაპროფესიონალურად აქვს ნამუშევარი, მან სათანადოდ არ შეისწავლა ფაქტები, არ გადაამოწმა ინფორმაცია ან უბრალოდ მიზანმიმართულად, ცილისმწამებლური კამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩემი მეუღლე – ნანა ბარაბაძე ამ ეტაპზე ავტომობილს არ ფლობს. მან 2017 წელს ნამდვილად შეიძინა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი საბანკო ავტოგანვადების დახმარებით, რაც ასევე ასახულია ჩემ მიერ წარდგენილ დეკლარაციებში, თუმცა, აღნიშნული ფაქტი დამალა სიუჟეტის ავტორმა ისევე, როგორც ის გარემოება, რომ ჩემმა მეუღლემ ეს ავტომობილი დაახლოებით 5 თვის წინ გაასხვისა და მის საკუთრებაში აღარ ირიცხება. #არადეზინფორმაციას”, – წერს მეშველიანი.