მამუკა მდინარაძე: საარჩევნო რეფორმა ჩვენ უნდა მივიღოთ, დეტალებში ჩავიდეთ, უნდა ვიმუშაოთ და შემდეგ ოპოზიცია იტყვის, რომ მათი დამსახურებაა

ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სხვას დაბრალდეს. ამას უკვე მივეჩვიეთ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას. საუბარია განცხადებაზე, სადაც ელისაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისთვის ბოიკოტთან დაკავშირებით პასუხი უნდოდა გაეცა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა.

მდინარაძის თქმით, საქმეს მმართველი გუნდი აკეთებს, თუმცა რეფორმებს შემდეგ ოპოზიცია საკუთარ დამსახურებად მიიწერს.

„ნამდვილად იყო მცირე პროცედურული ხარვეზი. საპარლამენტო ტრადიციაა, როცა დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მოდიან, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ პროცედურა მთავრდება და კითხვებზე გადავდივართ. დღეს ტექნიკური შესვენება გამოცხადდა და ამ საკითხს პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით შემდეგ დავუბრუნდით. ალეკო ელისაშვილი ამ დროს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. ამიტომ იყო, ეს გაურკვევლობაც.

რაც შეეხება მის კრიტიკას საარჩევნო რეფორმაზე, ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სხვას დაბრალდეს. ამას უკვე მივეჩვიეთ. კონსტიტუცია ჩვენ მივიღეთ, შეთანხმება შევასრულეთ, საარჩევნო რეფორმა ჩვენ უნდა მივიღოთ, დეტალებში ჩავიდეთ, უნდა ვიმუშაოთ და შემდეგ ოპოზიცია იტყვის, მათი დამსახურებაა. ამას შეგუებული ვართ – იმათი საქმეა, მაგრამ ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ. ამასაც არად დაგიდევთ, ოღონდ, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდეს. ბოლოს და ბოლოს პოლიტიკური მარაზმიდან, ერთი და იმავე დისკურსიდან მოქალაქეების საჭიროებებზე საუბარზე გადავიდეთ. პოლიტიკური პინკ-პონკიდან გამომდინარე, ამაზე ნაკლები საუბრის საშუალება გვეძლევა, თუმცა ამ საქმეზე მთავრობისა და პარლამენტის დონეზე მიმდინარეობს და ყურადღება ექცევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები