არჩილ თალაკვაძე: დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, დემოკრატიის ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია
ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი, მაშინაც და დღესაც იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, დემოკრატიის ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მუშაობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში მათ მხარი არ დაუჭირეს ცვლილებებს, რომელზეც წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კრიტიკულად აუცილებელი იყო ქვეყნისთვის.
„ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა 8 მარტის შეთანხმებით მიცემული პირობა დემოკრატიული რეფორმების შესახებ – დანერგა არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შეცვალა საარჩევნო კოდექსი. სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიუხედავად – მაშინ, ისევე როგორც დღეს – ოპოზიციამ აირჩია ბოიკოტი და უარი თქვა მონაწილეობაზე. პარლამენტში მათ მხარი არ დაუჭირეს ცვლილებებს, რომელზეც წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კრიტიკულად აუცილებელი იყო ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ეს იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა, რომელშიც სულ მალე, რამდენიმე თვეში, მაშინდელმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების დროს პოლიტიკური ფასი გადაიხადა – მათ ახალ არჩევნებში მინიმალური მხარდაჭერა მიიღეს და ახალ პარლამენტში პოზიციები დაკარგეს. სულ მალე, მე ვფიქრობ, რომ რეფორმებს, რომელიც ჩვენ გავატარეთ, საზოგადოება შეაფასებს უფრო ფართო კონტექსტში, თუ როგორ შეძლებს მეათე მოწვევის პარლამენტი და ოპოზიციური სპექტრის ის წარმომადგენლობა, ვინც საზოგადოებამ აირჩია, თავისი ფუნქციების შესრულებას. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი, მაშინაც და დღესაც იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, დემოკრატიის ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია“, – განაცხადა თალაკვაძემ.