პროკურატურამ წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე შსს-ს ყოფილი თანამშრომლები დააკავა, ხოლო ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები – რ.ა., ი.ა. და ი.ს. დააკავა, ხოლო ორი პირის – ხ.ს.-ს და კ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2011 წელს საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ.ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა.
“შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლ.ა.-ს შესაძლებელია ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა ვ.ა-მ, შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ რ.ა-მ და შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ხ.ს-მ 2011 წლის 14 ივნისს, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს ლ.ა.
წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე და ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ავტომანქანაში სცემდნენ დაკავებულს და სთხოვდნენ, რომ გაემჟღავნებინა ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელი. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, რ.ა-მ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლ.ა-ს ავტომატის ლულა ჩაუდო პირში.
ზემოთ ხსენებულმა პირებმა დაკავებული მიიყვანეს სოფელ ჭალესთან არსებული მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვლავ გააგრძელეს მის მიმართ სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.
ასევე, აღნიშნულმა პირებმა დაკავებული გააკავეს და ანთებულ სიგარეტს ხანგრძლივად, წუთობრივი ინტენსივობით ადებდნენ სხეულზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლ.ა. მათ კითხვაზე პასუხობდა, რომ იგი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს დაკავებული პირის გადაყვანა და მის მიმართ ფიზიკური ძალადობის გაგრძელება ჯვარის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. დასახელებულ ადგილას მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა აღნიშნულ პირებთან ერთად განაგრძეს განყოფილებაში მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა: შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი.ს-მ, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა კ.კ-მ და შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი.ა-მ.
დაკავებულს სამართალდამცავები კვლავ სთხოვდნენ ძებნილის ადგილსამყოფელის დასახელებას. ამასთან, მოსთხოვეს, რომ დაესახელებინა ტერორისტული ჯგუფის ის წევრები, რომლებმაც 2008 წლის 25 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში განახორციელეს ტერორისტული აქტი.
სასურველი ინფორმაციის ვერ მიღების გამო, უკანონოდ დაკავებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განიზრახეს ხელოვნურად შეექმნათ თითქოსდა მისი დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისას ლ.ა-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი თან არ ჰქონია, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, ი.ა-მ დაკავებულს წარუდგინა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „AK“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 19 ცალი სამხედრო ვაზნა, რომელიც თითქოსდა ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის მიერ, შედგენილ იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელშიც მიუთითა რომ 2011 წლის 15 ივნისის, თითქოსდა ლ.ა.-ს დაკავებისას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოთ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.
თავდაპირველად დაკავებული უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, ხელი მოაწერა ზემოთ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
აღნიშნულის შემდეგ იგი მიიყვანეს შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც რ.ა-მ, ი.ს-მ და ხ.ს-მ სხვა პირებთან ერთად კვლავ სცემეს იგი. ამასთან, დაწვის სიმულაციის მიზნით აიძულებდნენ მას ბუხარში შესვლას.
ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე ლ.ა-ს წარედგინა ბრალდება: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის – სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რის შესაბამისადაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – ჯარიმა 3000 ლარი. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2013 წლის 16 იანვარს ლ.ა. გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 25 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ზემოთ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა. გარდა ამისა, დადგინდა ამავე კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.
ზემოთხსენებულ პირებს კანონით დადგენილი წესით წარედგინებათ ბრალდება და საქართველოს პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.