“ვაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „მოქალაქეებთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა და ,,მოქალაქეებმა” ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც ღიაა.
„ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს, ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაფორმდა დოკუმენტში. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერა პარტია „მოქალაქეებმა“ და ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლებისთვისაც. მათთვის, ვინც გადალახა ბარიერი და მიიღო მანდატი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.