ეკატერინე ტიკარაძე: ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
“ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაა.
„ბაზრობებს ჰქონდათ სურვილი და მესმის, რომ არსებობს მათი დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ, აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის ბიზნესის გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა საჭირო. ისინი ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ და შევჯერდით იმაზე, რომ გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, სტატისტიკურ მონაცემებს და, შესაბამისად, როგორც კი ეპიდემია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება ბაზრობებისა და სხვა ბიზნესის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, საბჭო იმსჯელებს ამის თაობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტია საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ პრიორიტეტებიდან და იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ნამდვილად ვერ დავაყენებთ უფრო წინ ბიზნესის საკითხებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთან, ჩვენ ვნახეთ, რამდენად ორგანიზებულად მოახერხეს ახალი წლის წინა პერიოდში მოლებმა იმ ყველა შეზღუდვის დაცვა, რაც მითითებული იყო. დავაკვირდით, რა ეპიდემიოლოგიური გავლენა ჰქონდა ამ გახსნას დაავადების გავრცელებაზე. სწორედ ეს გახლდათ ის ობიექტური მიზეზი, რატომაც დღეს ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ ჯერ მოლების გახსნას და შემდეგ ბაზრობების გახსნას. ბაზრობებზე ადამიანების ნაკადები უფრო მოცულობითია, ვიდრე ეს არის მოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.