პაატა ზაქარეიშვილი: მოსკოვისთვის სულერთია, აფხაზეთში რომელი ძალა იქნება ხელისუფლებაში, ორივეს იტანს – იცის, რომ იქ მიდიან კორუფციის გამო
“მოსკოვი ორივე ძალას იტანს აფხაზეთში, მისთვის სულერთია, რომელი იქნება ხელისუფლებაში, იცის, რომ იქ მოდიან კორუფციის გამო”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბიულეტენის შეფასებისას ,,კვირას” განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაა.
,,არაპრორუსული ძალები არ არსებობენ, ყველა ძალა პრორუსულია. ბუნებრივია, უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენში აღნიშნული დასკვნა სიმართლესთან ახლოსაა. მინდა გითხრათ, რომ არც პროდასავლური, პროქართული, პროთურქული ძალები რეალურად არ არსებობენ, არიან მხოლოდ პრორუსული ძალები.
როცა იცვლება ხელისუფლება აფხაზეთში, იქ არის ორი მოწინააღმდეგე ძალა, ეს ძალები ერთმანეთს აგდებენ და ენაცვლებიან, იქ არჩევნების გზით და მშვიდობიანად ხელისუფლება არ იცვლება. მოსკოვი ორივეს იტანს, მისთვის სულერთია, რომელი ძალა იქნება ხელისუფლებაში, იცის, რომ იქ მოდიან კორუფციის გამო და არა – ორიენტაციის გამო. ბრძოლაა, ვინ მოაჯდება რუსულ ფულს.
ახალი არაფერი არაა ამაში, რაც უკრაინის დაზვერვამ თქვა, თუმცა, მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ეს საკითხები კიდევ ერთხელ გააჟღერა”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ბიულეტენი, სახელწოდებით „თეთრი წიგნი“ მოამზადა, რომელშიც საუბარია რუსეთზე, როგორც უკრაინის მთავარ საფრთხეზე, ასევე, მიმოხილულია მოსკოვის გეოპოლიტიკური, რეგიონული გეგმები და ამბიციები.