მამუკა მდინარაძე: ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ოპოზიციას შეუწყდება უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე

„ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მედიასაშუალებებს, რეალურად, აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი.

„დღეს რამდენი დეპუტატიც შემოვიდა დარბაზში, ყველამ მითხრა, რომ ყველა ოპოზიციური მედიასაშუალების წარმომადგენელი სათითაოდ ეკითხება პირადი აზრის დონეზე, რა განწყობა აქვთ მათ, შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციონერებს უფლებამოსილება. როგორც ჩანს, ოპოზიციის იმ ძალიან შემართებით განწყობისგან განსხვავებით, რეალურად, მათ და მათ მედიასაშუალებებს ძალიან აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი. თუ ასე ნერვიულობენ ისინი, მაშინ ასეთი შემართებით საზოგადოების წინაშე ნუ პოზიციონირებენ, სიმართლე უთხრან, რომ არ უნდათ – შეუწყდეთ უფლებამოსილება. თუ ასე პოზიციონირებენ, მაშინ ამ ჩაკითხვებსა და იმედის ნაპერწკალის ძებნას რომელიღაცა დეპუტატის პირად მოსაზრებაში, მგონია, რომ უნდა დაანებონ თავი. ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ, ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ერთ სხდომა ამ გადაწყვეტილების წინ იქნება აუცილებლად ჩატარებული, მაგრამ ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ ვერცერთ წარმომადგენელს ოპოზიციიდან, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ამიტომ, თუ, რეალურად, სხვანაირად ფიქრობენ, საზოგადოებასაც უთხრან ის, რასაც ფიქრობენ და არა რაღაც შეთქმულების თეორიების ძებნა. პირადი მოსაზრება შეიძლება, მეც ცოტა სხვანაირი მქონდეს, მაგრამ მათ აქვთ გამოხატული პოზიცია და მათი გამოხატული პოზიციის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე გავახმოვანეთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები