სალომე ზურაბიშვილი: დავით წერედიანი არა მხოლოდ ღირსეული პოეტი, არამედ გერმანული და ფრანგული პოეზიის დიდი მთარგმნელიც იყო, რომელიც საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება (ფოტო, ვიდეო)

დავით წერედიანს სიკვდილის შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე დავით წერედიანის ოჯახს გადასცა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ვაჟა-ფშაველას პრემია ხაზს უსვამს ქართული კულტურისა და ლიტერატურის – პოეზიის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა.

,,ვაჟა ფშაველას პრემიის აღნიშვნა ამ პანდემიის, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დროსაც კი მნიშვნელოვანია, რადგან კულტურა ვითარდება და იგი მაინც იტოვებს თავის განმსაზღვრელ როლს საზოგადოებასა და ქვეყანაში. კულტურას მაცოცხლებელი ძალა აქვს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ტრადიცია გავაგრძელოთ და გავამდიდროთ. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დავით წერედიანი არა მხოლოდ ღირსეული პოეტი, არამედ გერმანული და ფრანგული პოეზიის დიდი მთარგმნელიც იყო, რომელიც საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება. ჩვენ გვჭირდება მეტი კარგი მთარგმნელი იმისთვის, რომ გავიტანოთ ჩვენი კულტურა და ჩვენთან შემოვიტანოთ სხვა ქვეყნების კულტურა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრებსა და მის თავმჯდომარეს, როსტომ ჩხეიძეს გაწეული სამუშაოსათვის.

ცერემონიას ესწრებოდნენ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები