იტალიის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა
იტალიის პრემიერმა, ჯუზეპე კონტემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას წარუდგინა, რომელმაც მას მოვალეობის შესრულება შესთავაზა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო აიღო და მთავრობას მოვალეობის შესრულება შესთავაზა”, – ნათქვამია განცხადებაში.
კონტესა და მატარელას საუბარი ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
იტალიაში პოლიტიკური კრიზის მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონტემ სენატში (პარლამენტის ზედა პალატაში) უმრავლესობა დაკარგა. აღნიშნული კი იმიტომ მოხდა, რომ ყოფილი პრემიერის, მატეო რენცის პარტიამ, რომელთანაც კოალიცია არსებობდა, მთავრობიდან საკუთარი მინისტრები გაიწვია.
რენცისა და კონტეს ხედვები არ დაემთხვა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების განაწილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანამ პანდემიის შედეგების აღმოფხვრას უნდა მოახმაროს.
რენცის “მინისტრების” წასვლის შემდეგ, კონტემ სცადა ახალი კოალიციის შექმნა, თუმცა, მას ეს არ გამოუვიდა და მხოლოდ თანამდებობის დატოვება დარჩა.
მოსალოდნელია, რომ მატარელა კონტეს გადადგომას დაეთანხმება და პოლიტიკურ პარტიებთან დაიწყებს კონსულტაციებს. თუ მოხდება ისე, რომ კონტემ ისევ მოიპოვა მხარდაჭერა, რომ ახალი მთავრობა დააკომპლექტოს, ამისთვის მას რამდენიმე დღე ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი პრემიერის თანამდებობაზე ახალ კანდიდატს წარადგენს. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა მთავრობის ფორმირება, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გამოცხადდება.