ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება – მთავრობას დასტაბილურებული შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ სურს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, ბორის ჯონსონის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობა მტკიცებულებებს შეისწავლის, შესაძლებელია თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს 15 თებერვლამდე არ გადახედავენ.

„ბრიტანეთის პრემიერის პრესმდივანმა ასევე დაადასტურა, რომ სკოლებს გახსნის შესახებ, სულ მცირე, ორი კვირით ადრე შეატყობინებენ და ეს პროცესი მარტამდე არ დაიწყება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან ინფიცირებისა და ვაქცინაციის პროგრამის მაჩვენებელს. მხოლოდ სიტუაციის სტაბილიზაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საუბარი შეზღუდვების შემსუბუქებაზე, რადგან, მისივე თქმით, არავის სურს დასტაბილურებული შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ეპიდემიის მესამე ტალღის წარმოქმნა ქვეყანაში. ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, თებერვლის მეორე ნახევრისთვის გადაიხედება შეზღუდვები, თუმცა, მათ შემსუბუქებაზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია“, – წერს უცხოური მედია.

ასევე, საუბარია გაერთიანებულ სამეფოში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე და აღნიშნულია, რომ კორონავირუსით ინფიცირების 22 195 ფაქტი დაფიქსირდა, 592 ადამიანი კი გარდაიცვალა.

2020 წლის 15 დეკემბრის შემდეგ, ერთ დღე-ღამეში COVID 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ, ბრიტანული პრესის ცნობით, მთავრობა სამოგზაურო პროტოკოლის შეცვლასა და სავალდებულო კარანტინის დაწესებას ემხრობა.

ბელგიაში კი ექსპერტები მოუწოდებენ მთავრობას, დროებით დახუროს სკოლები, ე.წ. ბრიტანული შტამის მაღალი გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მათ მიაჩნიათ, რომ სკოლები წარმოადგენენ ინფიცირების ერთ-ერთ დიდ კერას, ამიტომ, უკეთესია მათი დახურვა მანამ, სანამ სიტუაცია გაუარესდება.
„ბავშვები, რომლებსაც შესაძლოა, თავად არ აქვთ კოვიდის ძირითადი სიმპტომები, შესაძლოა, გახდნენ ინფექციის მატარებლები. გასაგებია, რომ მთავრობას სურს, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს საგანმანათლებლო პროცესი, თუმცა, სასკოლო ცხოვრება საფრთხისშემცველია. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რათა მეორე ტალღიდან პირდაპირ მესამე ტალღაში არ გადავიდეთ“, – აცხადებენ ექპსერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები