ესპანეთმა კოვიდშეზღუდვები გაამკაცრა, გამკაცრებას გეგმავს საფრანგეთის მთავრობაც, ლატვიაში შეზღუდვები დროებით გახანგრძლივდა

საფრანგეთში ეპიდვითარება კვლავ რთული რჩება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური მაჩვენებელი, საშუალოდ, 20 000-ს შეადგენს, 2 900 ადამიანი კი ინტენსიურ თერაპიაშია მოთავსებული.

„27 იანვარს საფრანგეთის მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებაზე იმსჯელებს. საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანლის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, საყოველთაო „ლოქდაუნის“ დაწესება ისევ გახდება საჭირო. იმავეს აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრიც.
ესპანეთის ტერიტორიების 70%-ზე მეტი ექსტრემალური რისკის ქვეშ მოექცა. მადრიდისა და ბასკეთის შემდეგ, შეზღუდვები ვალენსიის რეგიონშიც გამკაცრდა. დახურულ სივრცეში მხოლოდ 2 ადამიანის შეკრებაა დასაშვები. ყველანაირი სოციალური აქტივობა ოჯახურ გარემოშიც კი იკრძალება. ის ქალაქები, სადაც მოსახლეობა 50 000-ს აჭარბებს, პერიმეტრული „ლოქდაუნის“ ქვეშ მოექცევა. ბარები და რესტორნები დაიხურა. აღნიშნული შეზღუდვები ძალაში 15 თებერვლამდე დარჩება.
ესპანეთის ჯანდაცვის ათობით ექსპერტი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას დამღუპველს უწოდებს. ეპიდემიოლოგების აზრით, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, ქვეყანაში შეზღუდვები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს. მათი განცხადებით, წარსულში დაშვებული შეცდომები არ უნდა განმეორდეს.
ლატვიაში მოქმედი შეზღუდვები გახანგრძლივდა. კერძოდ, კულტურული, გასართობი და დასასვენებელი დაწესებულებები დახურული რჩება მინიმუმ 7 თებერვლამდე. სავაჭრო ობიექტების მხოლოდ განსაზღვრულ კატეგორია აგრძელებს მუშაობას. ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედება ძალაში რჩება, განიხილება შემსუბუქება და უქმე დღეებში დატოვება.
25 იანვრის ცნობით, გასული უქმე დღეების განმავლობაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 009 პირი დაჯარიმდა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები