დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: კორონავირუსის ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი საგრძნობლად შემცირდა და 0,62-ს გაუტოლდა
31 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსის ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი საგრძნობლად შემცირდა და 0,62-ს გაუტოლდა. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში სახელწოდებით, „ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, აღნიშნული ინდექსი ვირუსის გადაცემის ინტენსივობას გამოხატავს და აჩვენებს, საშუალოდ რამდენ ადამიანს გადაეცემა ინფექცია ერთი ინფიცირებული პაციენტისგან.
„კოვიდ-19“-ის მიმდინარეობის სხვა ეპიდემიოლოგიურ მახასიათებლებთან ერთად საკვანძო პარამეტრს წარმოადგენს კორონავირუსის შემთხვევების ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი (Rt), რომელიც არის ინფექციის გადაცემის პოტენციალის მაჩვენებელი რეალურ დროში და გამოიყენება შესაფასებლად, ეპიდემია იზრდება, იკლებს თუ სტაბილურია. ეს არის ინფიცირების ახალი შემთხვევების მოსალოდნელი რაოდენობა.
2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი1,45-ს შეადგენდა, დეკემბრის დასაწყისში რეპროდუქციის ინდექსი1,15-მდე შემცირდა, თუმცა, სიდიდით მე-8 ადგილს იკავებდა ევროპის ქვეყნებს შორის. 15 დეკემბრის მდგომარეობით, მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და0.74-ს შეადგენდა. 2020 წლის ბოლოს, 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეპროდუქციის ინდექსი 0,62-ს გაუტოლდა. 18 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი ევროპის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების ქვეყნების სამეულში შევიდა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.