იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა, ჩემზე დიდია ფიზიკურად, მორევა შეუძლია
“მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა, ჩემზე დიდია ფიზიკურად, მორევა შეუძლია”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორს სასამართლოში არ უჩივლებს და ასეთი ადამიანი არაა.
„დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად. ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს, რადგან მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს. მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ამ სასამართლოში არ ვუჩივლებ.
ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, ბატონი ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, მაგიტომ მივიჩნიე სერიოზულად და მინდა, გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებზე გამოწვევით თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია, მაგით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას განმარტებით, ნიკა მელიას მხრიდან აღნიშნული საუბრის მიზეზი შესაძლოა, მისი დღევანდელი განცხადებები ყოფილიყო. იაგო ხვიჩიამ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიას ქუჩაში ტოვებს და მისი თანაპარტიელები ამაში წინააღმდეგობას არ უწევენ.