“ბრიუსელში პრეზიდენტის მთავარი გზავნილებია – ვაქცინის ხელმისაწვდომობა და „მეტი ევროკავშირი საქართველოსა და რეგიონში“
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. 21 იანვარს პრეზიდენტის შეხვედრების წამყვანი თემები იყო: ვაქცინის ხელმისაწვდომობა – კოვიდსოლიდარობა და რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული როლი. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს ჩვენს საგარეო წელს ბრიუსელში ვიზიტით ვიწყებთ.
„პრეზიდენტის ყველა შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა თემით. კოვიდი და კოვიდსოლიდარობა პრეზიდენტის შეხვედრების ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო, ასევე, ევროკავშირის სტრატეგიული როლი რეგიონში.
პრეზიდენტის გზავნილია – „მეტი ევროკავშირი საქართველოში და რეგიონში“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილი სამიტი. პრეზიდენტის გზავნილია, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ევროკავშირთან სამ ასოცირებულ ქვეყანას, რომლებიც ვთანხმდებით ინტერესებსა და ღირებულებებზე.
სამეულის თემასთან დაკავშირებით განხილული იყო ინტეგრაციის მიმართულებით არსებული საქართველოს გეგმები. ყველა შეხვედრაზე ნახსენები იყო 2024 წელი – სურვილი, რომ გაკეთდეს განაცხადი.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ მოხდება ამის განხორციელება, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ეს ეხება როგორც ფიზიკურ დაკავშირებადობას, ასევე – სექტორულ ინტეგრაციას.
დაკავშირებადობა უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს არა მხოლოდ ტრანსპორტს, არამედ, ადამიანებს შორის ურთიერთობასაც.
საუბარი შედგა ასევე სტუდენტების უფრო აქტიურ გაცვლაზე, იმის შესაძლებლობაზე, რომ საქართველოდან სტუდენტებს მიეცეთ საშუალება ისწავლონ იგივე ტარიფებით, რა ტარიფებითაც სწავლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები“, – განაცხადა საბანაძემ.
ბრიუსელში პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის ლიდერებთან – ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცეპრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერსა და ბელგიის მეფე ფილიპესთან.