„კამარგო ცეკვავს“ – ფრანგი ფერმწერი ნიკოლა ლანკრე

 22 იანვარს ფრანგი ფერმწერი ნიკოლა ლანკრე დაიბადა. ამასთან დაკავშირებით სახვითი ხელოვნების მუზეუმი ტექსტს და ფოტოს აქვეყნებს.
ნიკოლა ლანკრე 1690 წლის 22 იანვარს პარიზში დაიბადა. მისი ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი იყო კლოდ გილოტი. 1719 წელს ლანკრე მიიღეს სკულპტურისა და მხატვრობის სამეფო აკადემიაში, როგორც Fete Gelantes-ს მხატვარი. მისმა ნამუშევრებმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია საზოგადოებაში და მან მალევე უამრავი შეკვეთა შეასრულა, მათ შორის, ლუი XV-ისა და ფრედერიკ II-ისთვის. ვატოსგან განსხვავებით, ლანკრეს ნამუშევრებს უფრო ნათელი პალიტრა, მრავალფეროვანი ჟანრული თემები და ცოცხალი თხრობის მანერა ახასიათებს.
ნამუშევარზე – „კამარგო ცეკვავს“ – გამოსახული ქალი არის მარი-ანე დე კუპის დე კამარგო, პარიზის საბალეტო ვარსკვლავი. ნახატის მარცხნივ მუსიკოსები ხეების ფონზე იმალებიან, ხოლო მეორე მხარეს ელეგანტურად ჩაცმული მაყურებლები უყურებენ წყვილის ცეკვას. კამარგომ მეთვრამეტე საუკუნის ბალეტის რეპერტუარი სიახლით გაამდიდრა – მან კაბის დამოკლებით მოძრაობები გაამარტივა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც პუანტები ეცვა.
Fête Galante –  ფრანგული ტერმინი გამოიყენება მხატვრობის სტილის აღსაწერად. როგორც წესი, ესაა მცირე ზომის ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცთა და ქალთა ჯგუფები ღია ცის ქვეშ გართობისას.
ამ ტიპის ნამუშევრები გვხვდება, ძირითადად, მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში.
სტილის მთავარი წარმომადგენელი და დამაარსებელია – ჟან ანტუან ვატო. მისი მოსწავლე და ასევე Fete Gelantes-ს დიდი მიმდევარი იყო ნიკოლა ლანკრე.

სურათზე: ნიკოლა ლანკრე. „კამარგო ცეკვავს“. 1730. ტილო, ზეთი. ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები