თამარ კიკნაძე: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დაარწმუნებს ჯო ბაიდენი ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობაში

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკვე ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილბის განორციელებას. ინაუგურაციის გუშინდელ ცერემონიალზე ბაიდენის მომავალ საგარეო პოლიტიკასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე ,,კვირა“ საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტს, პროფესორ თამარ კიკნაძეს ესაუბრა:

-ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია უჩვეულო ფორმატში გაიმართა, თეთრი სახლის ეზოსა და კაპიტოლიუმის შენობაში 25 000 სამხედროს გაძლიერებული მეთვალყურეობის ფონზე.

-ამგვარი უჩვეულო უსაფრთხოების ნორმები იმით იყო განპირობებული, რომ საფრთხე ტრამპისტების თავდასხმისა როგორც კაპიტოლიუმის, ისე თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებობდა. ინაუგურაციის ცერემონიაზე სულ 1000 მოწული სტუმარი იყო, რაც, პანდემიის ფონზე, სრულიად ბუნებრივიც იყო, სამაგიეროდ, მრავლად ფრიალებდა ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, რაც პომპეზურობის ეფექტს მაინც ქმნიდა.

-პრეზიდენტი ტრამპი, პროტესტის ნიშნად, ინაუგურაციას არ ესწრებოდა.

-ამერიკის ისტორიას არ ახსოვს პრეზიდენტისგან მსგავსი პროტესტის ფორმა. ტრამპმა ისე დატოვა თეთრი სახლი, ბაიდენს არ შეხვედრია და ამერიკის ახალ პრეზიდენტს მხოლოდ წერილი დაუტოვა, რომლის შინაარსი ყველასთვის უცნობია. თუმცა, ახალ ადმინისტრაციას მიულოცა მუშაობის დაწყება და წარმატება უსურვა ყველას. ამერიკა მიჩვეულია სამოქალაქო თანხობას. ეს არის ქვეყანა, სადაც საჭირბოროტო საკითხები ყოველთვის კონსენსუსით წყდება და არა – რევოლუციური გზით, რაც უკვე ამერიკული ტრადიციაა. ტრამპმა თეთრი სახლი მშვიდობიანად დატოვა და ფლორიდაში გაფრინდა, სადაც მას ძალიან გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს, მრავლად იყვნენ მისი მომხრეები, რომლებიც სიყვარულით ხელს უქნევდნენ და ამხნევებდნენ ყოფილ პრეზიდენტს.

-ტრამპმა წასვლისას განაცადა, რომ ის, რაღაც ფორმით, აუცილებლად დაბრუნდება ამერიკულ პოლიტიკაში.

-ზუსტად რა სახით დაბრუნდება, თუკი დაბრუნდა, ჯერ არავინ იცის, ერთი კი ცხადია: ტრამპიზმი,
ტრამპის იდეებითა და ფასეულობებით, უკვე დამკვიდრდა რიგით ამერიკელთა ცხოვრებაში.

-როგორი იქნება ამერიკის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკურ ხედვა და ამერიკის, როგორც ზესახელმწიფოს როლი თანამედროვე მსოფლიოში?

-ტრამის დროს ამერიკა, ძირითადად, საშინაო პრობლემების გადაჭრით იყო დაკავებული და საგარეო ფაქტორს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა, ამიტომაც ამერიკის, როგორც ზესახელმწიფოს ფუნქცია შეიკვეცა. შესაბამისად, ტრამპს არანაირი ინტერესი არ გამოუვლენია კავკასიური პრობლემების მიმართაც. ბაიდენის პირობებში გლობალისტები შეეცდებიან ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებას, რომლის დროსაც ამერიკა საკუთარ ინტერესებს უკარნახებს და ამერიკულ ღირებულებებს დაამკვიდრებს ბევრ ქვეყანაში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაიზრდება ამერიკისა და ევროპული ქვეყნების თანამშრომლობა, გაფართოვდება ნატო-ს ფუნქციები. გახსოვთ, ალბათ, ერთი პერიოდი ტრამპი ნატო-დან ამერიკის შეერთებული შტატების გამოსვლასაც კი აანონსებდა.

-ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე გაჟღერდა საქართველოს ნატო-ში შესვლის შესაძლებლობაც.

-პრეზიდენტ ბაიდენის აპარატში ენტონი ბლინკინი მოიაზრება მომავალ სახელმწიფო მდივნად. სწორედ მან გააჟღერა საქართველოს ნატო-ში შესვლის შესაძლებლობა. რესპუბლიკელი სენატორის, რენპოლის კითვას, ხომ არ გამოიწვევს საქარველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთთან დაპირისპირებას, ბლინკინმა უპასუხა, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ნატო-ს წევრობა, საკმარისია, გამოთქვან სურვილი, რომელსაც რუსეთი ვერანაირად აღუდგება წინ. როგორც ჩანს, რუსეთ-ამერიკის მომავალ ურთიერთობაში კავკასია ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. ვლადიმერ პუტინმა დაალაგა სიტუაცია ყარაბაღში, გაიხსნა ძალზე მნიშვნელოვანი გზა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის გამო დიდი ხნით იყო დაკეტილი. ასე რომ, საქართველო და მისი სურვილი, გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა, შესაძლოა, კავკასიაში კონფლიქტის ახალ კერადაც იქცეს.

-საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მოხდება?

-ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებს ამერიკის ახალი პრეზიდენტი, დაარწმუნოს ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, როგორც ახალი წევრის მიღებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები